უკრაინაში ომის დასაფინანსებლად პუტინმა ოლიგარქებს ბიუჯეტში შემოწირულებების გაღება მოსთხოვა

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოლიგარქებს ქვეყნის ბიუჯეტისთვის შემოწირულებების გაღება სთხოვა, რათა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის პარალელურად კრემლმა ფინანსების დასტაბილურება შეძლოს.

პუტინმა აღნიშნული განცხადება ოთხშაბათს მსხვილ ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც მან ასევე აღნიშნა, რომ ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა უკრაინის დონბასის მთლიანი ტერიტორია რუსეთის კონტროლქვეშ იქნება.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვლადიმირი პუტინმა ბიზნესმენებს თავდაცვის ხარჯების დაფინანსება პირადად სთხოვა, თუმცა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კრემლმა რუსულ ბიზნეს სექტორს უკვე რამდენჯერმე მიმართა ბიუჯეტის დაფინანსების მოთხოვნით.

ცნობისთვის, უკრაინასთან ომის გამო ბიუჯეტის გაკონტროლების პრობლემის წინაშე აღმოჩენის შემდეგ კრემლმა დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) 20%-დან 22%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რათა მომდევნო სამი წლის განმავლობაში საშუალო და მცირე ბიზნესებიდან ბიუჯეტში დამატებით 600 მილიარდი რუბლი ($7.4 მილიარდი) შევიდეს.

Financial Times-ის წყაროების მიხედვით, პუტინის მოთხოვნის შემდეგ, სულ მცირე, ორმა რუსმა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ მოხარულები იქნებიან ბიუჯეტის დასაფინანსებლად “წვლილი მოხალისეობრივად შეიტანონ”. ამასთან, ონლაინ გაყიდვების უმსხვილესი რუსული კომპანიის, Wildberries-ის საკამათო შესყიდვასთან კავშირში მყოფმა ოლიგარქმა, სულეიმან ქერიმოვმა განაცხადა, რომ მზადაა, ბიუჯეტში 100 მილიარდი რუბლის ოდენობის წვლილი შეიტანოს.