26 მარტის ღამით უკრაინამ რუსეთის ლენინგრადის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე (КИНЕФ) დრონებით იერიში მიიტანა.
“ლენინგრადის ოლქის თავზე განადგურებულია 20-ზე მეტი უპილოტო აპარატი. შეტევის მოგერიება კირიშის რაიონში კვლავ გრძელდება. სამრეწველო ზონაში არის დაზიანებები. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა” – განაცხადა ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე დროზდენკომ.
როგორც რუსული Telegram-არხი Astra ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით აღნიშნავს, უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა КИНЕФ-ზე მიიტანეს იერიში.
ქარხანა აწარმოებს ბენზინს, დიზელის საწვავს, მაზუთს და სხვა ნავთობპროდუქციას. Reuters ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით წერს, 2024 წელს ქარხანამ 17.5 მილიონი ტონა ნავთობი გადაამუშავა, რაც რუსეთის ნავთობის გადამუშავების საერთო მოცულობის 6.6%-ს შეადგენდა. სააგენტო აღნიშნავს, რომ უკრაინის მიერ ბოლო პერიოდში მიტანილი იერიშების შედეგად, რუსეთის ნავთობის ექსპორტის სრული მოცულობის, სულ მცირე, 40% შეჩერებულია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღამით რუსეთის რეგიონების თავზე მთლიანობაში 125 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.