უნგრეთის საგარეო მინისტრი ადასტურებს, რომ EU-ს შეხვედრების დროს ლავროვს ესაუბრებოდა

ლავროვი სიიარტოს მეგობრობის ორდენს გადასცემს, 2021 წელი.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო ადასტურებს, რომ რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს ევროკავშირის შეხვედრების დროს ხშირად უკავშირდება.
“დიახ, ამ საკითხებზე უნდა ვიმსჯელოთ ჩვენს იმ პარტნიორებთანაც, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები. მე ვსაუბრობ არა მხოლოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არამედ ჩვენს ამერიკელ, თურქ, ისრაელელ, სერბ და სხვა პარტნიორებთანაც ევროსაბჭოს შეხვედრებამდე და შემდეგ,” – განაცხადა მან.
“რასაც ვამბობ, შეიძლება მკაცრად ჟღერდეს, მაგრამ დიპლომატია ნიშნავს სხვა ქვეყნების ლიდერებთან საუბარს,” – აღნიშნა სიიარტომ.
ცნობისთვის, ამერიკული გამოცემა Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სიიარტო ევროპული საბჭოს შეხვედრებიდან კონფიდენციალურ ინფორმაციას რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს უზიარებდა.
WP წერს, რომ სიიარტო ევროკავშირის საბჭოს შეხვედრების დროს შესვენებებზე რეგულარულად ურეკავდა ლავროვს და აძლევდა “პირდაპირ ცნობებს, თუ რა განიხილეს”. წყაროს თქმით, უზიარებდა პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზებსაც.
“ფაქტობრივად, წლების განმავლობაში ევროკავშირის ყოველი შეხვედრის დროს მაგიდის ქვეშ მოსკოვი იყო.” – თქვა წყარომ.
ცნობას თავად სიიარტომ თავდაპირველად “ცრუ ინფორმაცია” უწოდა. მისი მტკიცებით, ეს ინფორმაცია არჩევნების წინ ოპოზიციონერი პეტერ მაგიარის პარტიის მხარდაჭერის გასაზრდელად გავრცელდა.
WP: უნგრეთის საგარეო მინისტრი ლავროვს ევროკავშირის შეხვედრებიდან ცნობებს აწვდიდა
გამოცემა Politico იუწყება, რომ მას შემდეგ რაც პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა გამოაქვეყნა გაფრთხილება, რის მიხედვითაც ვიქტორ ორბანის მთავრობა რუსეთს ინფორმაციას გადასცემს, ევროკავშირი უნგრეთს კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომას უზღუდავს.
თუმცა, მიუხედავად ამისა, Politico ხუთ ევროკავშირის დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირს ახალ ბრალდებებზე არ ექნება ოფიციალური რეაგირება, რათა აირიდონ უნგრეთის არჩევნებზე შესაძლო გავლენა.
Politico-ს ერთ-ერთმა წყარომ უთხრა, რომ ეჭვებმა, რომ უნგრეთი კრემლს სენსიტიურ ინფორმაციას უზიარებს გამოიწვია ის, რომ ევროკავშირის ლიდერები უფრო ხშირად იკრიბებიან “მსგავსად მოაზროვნე” მცირე ჯგუფებში, ვიდრე სრულ 27-წევრიან ფორმატში.
“საერთო ჯამში, “ნაკლებად ლოიალური წევრები” მთავარი მიზეზია, რატომაც მნიშვნელოვანი ევროპული დიპლომატია ახლა მცირე ფორმატებში მიმდინარეობს – E3, E4, E7, E8, ვაიმარი, NB8, JEF და ა.შ,” – განაცხადა მაღალჩინოსანმა.
Politico: EU უნგრეთს მოლაპარაკებებიდან თიშავს, რათა კრემლს ცნობები არ მიაწოდოს