აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Anna Moneymaker/Getty Images
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ირანთან “ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბრების” შემდეგ მან ომის დეპარტამენტს ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების ხუთი დღის ვადით გადადება უბრძანა:
“მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ აშშ-სა და ირანს ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბრები ჰქონდათ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით.” – წერს ტრამპი Truth Social-ზე.
“ამ სიღრმისეული, დეტალური და კონსტრუქციული საუბრების ხასიათისა და ტონის საფუძველზე, რაც ამ კვირაშიც გაგრძელდება, ომის დეპარტამენტს დავავალე, რომ ირანულ ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ყოველგვარი სამხედრო იერიშები ხუთი დღის ვადით გადაიდოს და მათი განხორციელება დამოკიდებული იქნება მიმდინარე შეხვედრებისა და დისკუსიების წარმატებაზე.” – დაამატა მან.
მანამდე, 21 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის რეჟიმს ულტიმატუმი წაუყენა და ჰორმუზის სრუტის “სრულად გახსნა” მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თეირანს ქვეყნის ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა:
“თუ ირანი, მუქარის გარეშე, სრულად არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს, ზუსყად 48 საათში აშშ დაარტყამს და გაანადგურებს მათ სხვადასხვა ელექტროსადგურს, დაწყებული უდიდესიდან!”- დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
თავის მხრივ, ირანი ტრამპის ულტიმატუმის პასუხად სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკისა და წყლის სისტემებზე დარტყმებით დაიმუქრა.
აქამდე გამოცემა Axios ამერიკელ მაღალჩინოსნებსა და ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ პირველადი დისკუსიები დაიწყო ირანის წინააღმდეგ ომის შემდგომი ფაზის შესახებ და იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება თეირანთან პოტენციური სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა.
Axios: თეთრმა სახლმა ირანთან პოტენციური სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის დისკუსიები დაიწყო