სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე:
ამ დღეებში სიტყვებით ძალიან ცოტა ვთქვი მის უწმინდესობაზე, ვარჩიე სხვა ფორმით გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება და მხოლოდ მისი დაკრძალვის შემდეგ მომეთხრო ვრცლად ის, რაც გულში და მოგონებებში დამიგროვდა..
ბებიაჩემისგან, რომელიც ზვიადისტი იყო და რომელმაც ფაქტობრივად გამზარდა, სახლში ბავშვობიდან პატრიარქის ხსენებისას, კრიტიკის მეტი არაფერი მესმოდა. ჩემი ოჯახი (მისი ჩათვლით) ძალიან მორწმუნე და ზოგადად კონსერვატიული ღირებულებებისაა, ამიტომ ოჯახის დანარჩენი წევრები ხშირად აჩერებდნენ და სთხოვდნენ, მასზე, როგორც ერის სულიერ ლიდერზე, აუგი არ ეთქვა, მაგრამ ბებია ვერაფრით ინელებდა გასული საუკუნის მძიმე მოგონებებს და მისი კრიტიკა ეხმაურებოდა იმ ფაქტებს, რომელზე პრეტენზიებიც ალბათ ლეგიტიმურია იმდენად, რომ შეკამათებადაც არ ღირს.
და ამაში არც არაფერია უჩვეულო, რადგან ჩვენ არ ვსაუბრობთ სრულიად უცოდველ და შეუცდომელ მაცხოვარზე, ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც ევლინება ამ ქვეყანას, ცხოვრობს შეცდომებით, ინანიებს, მაგრამ საბოლოოდ ფასდება იმით, რას ტოვებს ამქვეყნად.. – თავად ბიბლია გვასწავლის: “…რადგან არა არს კაცი მართალი ქვეყანასა ზედა, რომელი იქმოდის კეთილს და არა სცოდოს..“
ეს ყველაფერი იმან გამახსენა, რაც პატრიარქის გარდაცვალების პირველივე წუთებიდან საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილისგან, მაგრამ თვალშისაცემად მოედინებოდა – ყველა აუგის გახსენება, ღვარძლის და ბოღმის ნთხევა გაურკვეველი ცხოველური ვნებით, ბოროტების გაღვიძება.. არაუშავს, შეცდომები ყველას დაგვიშვია, ბოროტ ძალას შემოუტევია შინაგანად ისე, რომ ჩვენი პირიდან ამოსულა ის, რაც შემდგომში გვინანია, მაგრამ რაც მთავარია ოდესღაც დავფიქრებულვართ და გულწრფელად გვინანია.
გულწრფელი სინანული სწორედ ის ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო თვისებაა, რაც თავად პატრიარქისგან ვისწავლე — არასდროს ამომივა ყურებიდან მისი გულაჩუყებით ნათქვამი სინანული და შენდობის თხოვნა საჯაროდ ხალხის წინაშე, ცრემლით: “გთხოვთ შენდობას ყოველი ჩემი შეცოდებისათვის… შემინდეთ, მაპატიეთ ჩემი ცოდვები…”
ტკივილიც ბევრი მიუღია, შეურაცხყოფაც, მიზანმიმართული თავდასხმებიც, დაუმსახურებელი ბრალდებებიც, მაგრამ არასდროს გაბოროტებულა, არასდროს აგრესიით არ უპასუხია, არასდროს უთქვამს უარი მის მაგინებელზე.. რადგან ის ყოველგვარ დაპირისპირებაზე მაღლა იდგა. არც სუსის ნაკეთები კრებსები დავიწყებია ვინმეს ეკლესიაზე, სასულიერო პირებზე, პირადად მასზე, მაგრამ ვერაფერმა შეარყია მისი ავტორიტეტი და ეს კიდევ უფრო აბოროტებდა მის მოძულეთ.
მაგრამ ეს პოსტი სხვა რამეზეა.
ეს პოსტი არის იმ კათალიკოსზე, რომელიც ჩვენს დროებაში სიკეთის, სიყვარულის და ერთიანობის ყველაზე კაშკაშა განსხეულებულებად იქცა.
დღეს უკვე ყველა უდავოდ თანხმდება, რომ ილია II ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში არ იყო მხოლოდ სასულიერო ფიგურა. ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე მან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა ჩვენი ერის იდენტობის საფუძვლების რეკონსტრუქციის საქმეში, იმის აღდგენით, რაც მის საფუძვლებს წარმოადგენდა — ქართული ეკლესიის და რწმენის.
მძიმე საბჭოთა მემკვიდრეობიდან, რომელიც დევნიდა რწმენას, ხალხი ტაძრებს უბრუნდებოდა, საერთოდაც თავად ტაძარი დააბრუნა. დააბრუნა ქართულად წირვა-ლოცვა მაშინ, როცა ადამიანებმა “მამაო ჩვენოც” კი არ იცოდნენ. და სწორედ ეკლესიიდან დაიწყო ქართული იდენტობის რეკონსტრუირება, რასაც შემდგომ დაეფუძნა მისი პოლიტიკური მდგენელი. ეკლესიიდან დაიწყო მაშინდელი რეჟიმისთვის “საშიში” ეროვნული ცნობიერების ფორმირება. ილია ჭავჭავაძის, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დამფუძნებლის წმინდანად (ილია მართლად) გამოცხადებაც სხვა რას ემსახურებოდა, თუ არა ამ ეროვნული იდეის რეინკარნაციას…
და ნაბიჯ-ნაბიჯ, განსაკუთრებით 21-ე საუკუნის თანამედროვე დროებაში, თავისი ნაკეთები საქმის და უშრეტი სიკეთის დამსახურებით თანდათანობით დაგროვებული საყოველთაო ავტორიტეტით იქცა ერის მთავარ მაკონსოლიდირებელ ძალად, მთავარ იმედად ყველა ადამიანისთვის, უკიდურესად დაპირისპირებულთათვისაც კი.
ყველაზე კრიზისულ მომენტებში გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირად უკანასკნელი იმედიც კი ადამიანებისთვის, ერთიანობის, სიმშვიდის და მშვიდობიანი თანაცხოვრების გარანტი.
როცა რაღაც მძიმე ხდებოდა, როცა ვიღაც იჩაგრებოდა, როცა ვიღაც სასოწარკვეთილი უკანასკნელ ხსნას დაეძებდა, ამ ხსნას სწორედ პატრიარქთან პოულობდა — ეს ხდებოდა პოლიტიკაშიც და საზოგადო ცხოვრებაშიც. უამრავ კრიზისულ მომენტში გამოჩნდა ეს ცხადად.
და როცა პირველად, რამდენიმე დღის წინ მისი გარდაცვალების მწუხარებით გაერთიანებული ერი ვნახე (მათ შორის კლინიკასთან, ყველა პოლიტიკური ძალა, ერთმანეთთან უკიდურესად დაპირისპირებული), მაშინვე მისი, როგორც ერთიანობის ფენომენზე დავფიქრდი და გამახსენდა 2012 წელი.
მაშინ ქუთაისში ვცხოვრობდი, პატარა ბიჭი ვიყავი და გაოცებით ვუყურებდი თვალწინ და ცოცხლად, გადამწყვეტ, ძალიან დაძაბულ არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, პოლარიზაცია უკიდურეს წერტილამდე იყო მისული, განახლებული ბაგრატის ტაძრის (როგორც გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოს) კურთხევისას, როგორ გააერთიანა ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი საგანგებო მიწვევით და ერთმანეთის გვერდით დააყენა.
არჩევნების შემდეგაც, ძალაუფლების ტრანზიციისას, საგანგებოდ ახვედრებდა ორივე ლიდერს ერთმანეთთან საკუთარი მასპინძლობით და დაპირისპირების ხარისხის შემცირებას მცდელობას არ აკლებდა. მის სივრცეში ერთმანეთთან საუბარსაც კი ახერხებდნენ ეს ადამიანები.
თავისი ტიტულატურითაც, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ერთიანი საქართველოს სიმბოლოს წარმოადგენდა და არასდროს წყვეტდა ფიქრს სოხუმზე, ნინოშვილის ქუჩაზე, მის საეპარქიო სახლზე, იქ დაბრუნებაზე…
ერი გააერთიანა ქრისტიანობაში ერთ-ერთი ყველაზე წმინდა კავშირით, ნათელ-მირონობითაც, როცა საყოველთაო ყოველწლიური ნათლობის ტრადიცია დანერგა და ათიათასობით ახალშობილი მის ნათლულად იქცა, ერთმანეთის თანამოძმედ, მათ შორის, ჩემი პატარა და.
ეს ხიდების გაბმის, შერიგების, ერთმანეთთან დაახლოვების მცდელობები ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიკეთე იყო ამ ქვეყნის ცხოვრებაში.
სამწუხაროდ, ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფონზე, ფიზიკურად აღარ შესწევდა ძალა, ეს უმნიშვნელოვანესი როლი კვლავ შეესრულებინა ჩვენს რეალობაში და საუბედუროდ ქვეყანასაც მძიმედ დაეტყო. თითქოს გაქრა ძალა, რომელიც სიყვარულს იქადაგებდა, ნუგეშს და იმედს მისცემდა ჩაგრულს თუ გასაჭირში მყოფს, ყველაზე კრიზისულ მომენტებში ინიციატივას საკუთარ თავზე აიღებდა და მდგომარეობის რაღაც კალაპოტში დაბრუნებას შეძლებდა, იქნებოდა შუამავალი ყველა ძალას შორის..
ალბათ ბოლოჯერ, მაგრამ მაინც, უკანასკნელად, ამ დღეებში ისევ შეძლო ჩვენი გაერთიანება — მართალია მწუხარებით, თუმცა უდიდესი გულწრფელობით. ამ მწუხარებაში გააერთიანა ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელიც კი, თავისი სიყვარულით, ღვთაებრივი სათნოების უდიდესი ნიჭით.
ვიღაცამ მგლოვიარე ქართველების დიდ ნაწილში ამ დღეებში ფარისეველი დაინახა.. მაგრამ, აბა როგორ წარმოგიდგენიათ ფარისევლობით შეპყრობილი ადამიანი ხუთი, შვიდი თუ ათი საათი იდგეს ყოველგვარი დაჩივლების გარეშე მისი უწმინდესობისთვის გამოთხოვების კილომეტრიან რიგებში?!..
ის კადრები, რაც ყველამ ვნახეთ ამ დღეებში, იყო ყველაფრის მთქმელი.
ჩვენი ერთსულოვნებით დავანახეთ ყველას ქვეყნის გარეთაც, როგორი ერთიანობა შეგვიძლია, და ვაჩვენეთ ერთმანეთსაც, რომ შეგვწევს ძალა ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს, სიყვარული გავუზიაროთ და უარყოფითი განცდები გვერდით გადავდოთ.
ასეთი გაერთიანებული ჩემს ცხოვრებაში საქართველო ორჯერ მახსენდება: ერთხელ 26 მარტს, როცა ჩვენი ნაკრების უდიდესი წარმატების სიხარულმა გაგვაერთიანა, 1 კვირა თითქოს სულ სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდით, სადაც ყველა ერთმანეთს უღიმოდა და სიყვარულით ეკიდებოდა, ბედნიერებას უზიარებდა, სანამ 1 კვირის თავზე ის ავადსახსენებელი კანონი არ შემოათრიეს მეორე წრეზე და ქვეყანა უდიდესი დაპირისპირების უსასრულო მორევში არ გადააგდეს.. და მეორედ ახლა, მწუხარებით, მაგრამ გულწრფელი განცდით, სოლიდარობით და ერთმანეთის გვერდით დგომით.
ღმერთმა შეგვაძლებინოს ამ ერთიანობის საბოლოოდ მიღწევა და ერთმანეთის მხარდამხარ დგომის ცხოვრების წესად ჩვევა, ჭირში თუ ლხინში, ყოველდღიურობაში.. ერთმანეთის ტკივილის და გაჭირვების თუ სიხარულის გაზიარება, სოლიდარობა, თანაგრძნობა, ჩაგრულისთვის ხელის გაწვდენა და საერთო წარმატებებისკენ სწრაფვა. ის, რაც უწმინდესის მთავარი ანდერძია, მთავარი სურვილია.
მგონია, რომ ყველას მოგვწონს ასეთი ერი, ერთეულების გარდა, რომელიც თავის კეთილდღეობას სხვების მტრობაზე, ერთმანეთის გადაკიდებაზე აშენებს. და ამის მაგალითი სამწუხაროდ დღესაც ვნახეთ — არ მინდა საუბარი იმ სისაძაგლეზე, ამ მომენტის ლამის საკუთარ პოლიტიკურ თუ პარტიულ ღონისძიებად დამსგავსებას რომ შეეცადა მავანი… მათ უარი თქვეს ერთიანობაზე, მაგრამ საბედნიეროდ ხალხი მოიქცა სხვაგვარად ერთმანეთთან მიმართებაში, როცა არავინ არავის ეკითხებოდა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება თუ კუთვნილება ჰქონდა, ისე ედგა ერთმანეთს გვერდში, მწყურვალს წყალს უწილადებდა კილომეტრიან რიგში და ერთსულოვნად მიაგებდა პატივს საერთო სულიერ მამას.
არ ვიცი რა იქნება ხვალიდან, როგორ გააგრძელებს ქვეყანა ამ დიდი ავტორიტეტის და შემაკავშირებელი ძალის ამქვეყნიური ყოფის დასრულების შემდგომ ცხოვრებას, მაგრამ იმედი მაქვს, იქიდან, ღვთის ანგელოზად დაგვეხმარება ჩვენი ქვეყნის კვლავაც გაერთიანების საქმეში და ისიც დიდი საქმე იქნება, თუ ეს დღეები რაღაცაზე დაგვაფიქრებს, რაღაც მცირედი მაინც შეიცვლება ჩვენში — ამით იხარებს მისი სულიც სასუფეველში.
მადლობა პატრიარქო, მადლობა ყველა სიკეთისთვის და თქვენი იმ უსაზღვრო სიყვარულისთვის, რომლის სარკედაც და გამოძახილადაც ამ დღეებში ხალხით სავსე თბილისის ქუჩები იქცა.
ისეთი ქვეყანა აგვეშენებინოს, თქვენ რომ ნატრობდით თქვენს სიცოცხლეში და საკუთარი ხელით რომ ძერწავდით, ერთიან, სიყვარულით და სიკეთით სავსე საქართველოს.
უფალმა ნათელი დაუმკვიდროს მის წმინდა სულს…




