WP: დაბალი რეიტინგის გამო რუსული დაზვერვა ორბანზე თავდასხმის ინსცენირების იდეით გამოვიდა

გამოცემა Washington Post-ის ინფორმაციით, უნგრეთში დაგეგმილ გადამწყვეტ არჩევნებამდე თითქმის ორი თვით ადრე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დანაყოფმა განგაშის ატეხა დაიწყო პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის მიმართ დაბალი საზოგადოებრივი მხარდაჭერის გამო.
WP წერს, რომ ევროპულმა სადაზვერვო სამსახურებმა მოიპოვეს დოკუმენტი, რომელიც რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (SVR) შიდა ანგარიშს წარმოადგენს.
ნანახ დოკუმენტზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ორბანის დავარდნილი რეიტინგის ფონზე რუსული დაზვერვის ოფიცრებმა “რადიკალური ქმედების” საჭიროებაზე დაიწყეს ლაპარაკი, რის ფარგლებშიც აგენტებმა შეიმუშავეს გზა, რათა “ფუნდამენტურად შეიცვალოს საარჩევნო კამპანიის მთლიანი პარადიგმა,” რაც, დოკუმენტის მიხედვით, “ვიქტორ ორბანის მკვლელობის მცდელობის ინსცენირებით” შეიძლება მოხდეს.
“მსგავსი ინციდენტი კამპანიის აღქმას სოციოეკონომიკური კითხვების რაციონალური სამყაროდან ემოციურ სამყაროში გადაიყვანს, სადაც მთავარი თემები სახელმწიფო უსაფრთხოება, სტაბილურობა და პოლიტიკური სისტემის დაცვა იქნება,” წერდნენ რუსი აგენტები ანგარიშში, რომელიც საგარეო დაზვერვის სამსახურის პოლიტიკური გავლენის ოპერაციების მთავარი დანაყოფისთვის, იგივე “აქტიური ზომების დეპარტამენტისთვის” იყო განკუთვნილი.
Washington Post-ის მიხედვით, უცნობია, თუ რუსეთის მთავრობის რა დონემდე მიაღწია დაზვერვის მიერ წარდგენილმა წინადადებამ. გამოცემის კითხვაზე, რომელიც SVR-ის დოკუმენტს ეხებოდა, კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ “ეს დეზინფორმაციის მორიგი მაგალითია”.