ფონ დერ ლაიენი: უნგრეთის ვეტოს მიუხედავად EU უკრაინისთვის სესხის მიწოდების გზებს იპოვის

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 20 მარტს განაცხადა, რომ ევროკავშირი გამონახავს გზებს, რათა უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინას დაპირებული €90 მილიარდის ოდენობის სესხი გადასცენ.
ფონ დერ ლაიენმა რეპორტიორებთან საუბრისას განმარტა, რომ ევროკავშირი უკრაინას დაპირებულ სესხს “ამა თუ იმ გზით მიაწოდებს”. ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირების ლიდერებმა ვერ შეძლეს უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის დარწმუნება, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის სესხზე ბლოკადა მოეხსნა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა შეხვედრის დროს დაგმეს უნგრეთის “მიუღებელი” წინააღმდეგობა.
“შეთანხმება შეთანხმებაა, საჭიროა, რომ სიტყვა შევასრულოთ და ვერავინ შეძლებს ევროპული საბჭოს შანტაჟს,” თქვა კოშტამ.
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა კომისიას სთხოვეს, გამოენახათ გზები, რომ უკრაინისთვის სესხის მიწოდება შესაძლებელი გახდეს. ამასთან, მერცმა ორბანის ვეტოს “სერიოზული ღალატის უპრეცედენტო აქტი” უწოდა.
“ეს წევრ სახელმწიფოებს შორის ერთმანეთისადმი ერთგულების პრინციპის სერიოზული დარღვევაა, რაც ევროკავშირის რეპუტაციას აზიანებს.” – აღნიშნა მერცმა.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი არ დაუშვებს უკრაინისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას მანამ, სანამ “დრუჟბის მილსადენის” გავლით რუსული ნავთობის მიწოდება არ აღდგება.
“უნგრეთის პოზიცია ძალიან მარტივია. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას მაშინ, როცა ჩვენს ნავთობს მივიღებთ, რომელსაც ისინი ბლოკავენ,” თქვა ორბანმა.