ოპოზიციის ალიანსის შექმნასთან დაკავშირებით, 9 ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ოპოზიციური პარტიების ალიანსი გამარჯვების ერთობლივ სტრატეგიაზე და ურთიერთთანამშრომლობის წესებზე შეთანხმდა.
დღეს, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები გამარჯვების საერთო სტრატეგიაზე და თანამშრომლობის წესებზე შეთანხმდნენ.
ოპოზიციის ალიანსი მიზნად ისახავს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლებას, ევრო-ატლანტიკური კურსის აღდგენას და ამ გზით, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის გადარჩენას.
ალიანსის წევრი პარტიებია: ახალი, გირჩი – მეტი თავისუფლება, დროა, ევროპული საქართველო, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თავისუფლების მოედანი, სტრატეგია აღმაშენებელი და ფედერალისტები.
ოპოზიციის ალიანსი შეთანხმდა, რომ დღეს მიმდინარეობს სასიცოცხლო ბრძოლა საქართველოს ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანის შესახებ, რომლითაც გადაწყდება, თუ „რკინის ფარდის“ რომელ მხარეს აღმოჩნდება ქართველი ხალხი შემდეგი ათწლეულების განმავლობაში.
ოპოზიციის ალიანსის სტრატეგიული მიზანია საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მობილიზება მშვიდობიანი პროტესტისა და რეჟიმის დემონტაჟისთვის.
შეთანხმების ძირითადი პრინციპებია:
• ერთობა ერთფეროვნების გარეშე: პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საკომუნიკაციო და საპროტესტო სტრატეგიაზე.
• დემოკრატიული ალტერნატივა: ალიანსი თანხმდება, რომ ავტოკრატიულ რეჟიმს მხოლოდ მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული დემოკრატიული ალტერნატივა დაამარცხებს;
• მიზნის მიღწევის გზა: პროტესტის გაფართოება, საერთაშორისო წნეხის გაძლიერება და დემოკრატიული, სანდო ალტერნატივის შეთავაზება ქართველი ხალხისთვის.
ქცევის კოდექსი და პასუხისმგებლობა: დოკუმენტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ქცევის კოდექსი, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ პარტიებს შორის თანამშრომლობის წესებს მყარი ერთობის უზრუნველსაყოფად;
პარტიები აღიარებენ ერთმანეთს თანასწორ პარტნიორებად და თანხმდებიან, რომ საერთო მიზნის მისაღწევად კოორდინირებული მოქმედება სტრატეგიული აუცილებლობაა.
ოპოზიციის ალიანსი იბრძოლებს ბოლომდე – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების მოპოვებამდე” | ნათქვამია განცხადებაში




