რაჟდენ კუპრაშვილის ბიზნესი სხვის სახელზე?! – ჟურნალისტური გამოძიება (ვიდეო)

“შაბათის ეთერმა” დაადგინა, რომ მარიამ კვირკვია არის ის სავარაუდო ფიქტიური პირი, რომლის სახელზეც რაჟდენ კუპრაშვილმა საკუთარი ბიზნესები გადამალა.

  • 2019 წელს ბატონი რაჟდენის სახელზე ორი კომპანია ირიცხებოდა – “შავი ზღვის საარბიტრაჟო პალატა” და “კუპრაშვილი და ადვოკატები”. ორივე იურიდიული კომპანიის 100%-იანი წილი, საჯარო სამსახურში დასაქმებულმა რაჟდენ კუპრაშვილმა, ჯერ უახლოესი გარემოცვის წევრს, ჯონდო ჭეიშვილს გადასცა უსასყიდლოდ,  ჭეიშვილმა კი ერთსა და იმავე დღეს, 2025 წლის 10 ივნისს, ორივე კომპანია უსასყიდლოდ, 27 წლის მარიამ კვირკვიას გადაუფორმა.​

პროფესიით იურისტ მარიამ კვირკვიას სახელზე, ჯამში სამი კომპანიაა რეგისტრირებული: ორი, რომელსაც მანამდე რაჟდენ კუპრაშვილი ფლობდა და მესამე ტურისტული კომპანია. მესამე კომპანია შორეული და ეგზოტიკური მოგზაურობის მოყვარულებს სპეც ტურებს სთავაზობს.

  • რაჟდენ კუპრაშვილის მიერ მარიამ კვირკვიას სახელზე  კომპანიების გადაფორმებას რომ სავარაუდოდ ფიქტიური ხასიათი ჰქონდა, ამაში კვირკვიას მშობლებთან გასაუბრებაც გვარწმუნებს. გიორგი კვირკვიასა და თამარ ნინიკაშვილს არაფერი სმენიათ იმის შესახებ, რომ მათი ქალიშვილი ანტიკორუფციული ბიუროს მოქმედი შეფის კომპანიების 100-იანი წილის მფლობელია.

კორუფციის მკვლევარებს, რომლებსაც რაჟდენ კუპრაშვილზე არანაკლები რაოდენობის დეკლარაცია და გადამალული ბიზნესები აქვთ შესწავლილი, არ გამორიცხავენ, რომ 2 კომპანიის ფიქტიური გადაფორმების გარდა, ანტიკორუფციული ბიუროს შეფი შესაძლოა თავად იდგეს, სავარაუდო ფიქტიური პირის მიერ დაფუძნებული ტურისტული სააგენტოს უკანაც.

არის თუ არა ტურისტული ბიზნესი იურიდიული მომსახურების კომპანიებთან ერთად ის, რასაც რაჟდენ კუპრაშვილი სანდრო პირის სახელზე მალავს? –  ანტიკორუფციული ბიუროს შეფმა 10 იანვარს თავად დაწერა, რომ შრილანკაზე იმყოფება, რომ იქ შემთხვევით მოხვდა და ისიც, რომ დასარჩენად მზადაა.

“შაბათის ეთერმა” გამოარკვია, რომ ბატონი რაჟდენი ტროპიკულ სანაპიროებზე შემთხვევით არ მოხვედრილა. შრილანკაზე ის სწორედ მარიამ კვირკვიას სახელზე რეგისტრირებული ტურისტული კომპანიის საშუალებით იყო ჩასული.