“რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი “პირველებთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ კაია კალასის ხელმძღვანელობით შექმნილი სამუშაო დოკუმენტი, საპასუხო წინადადებაა ყველა იმ დათმობაზე, რასაც სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, რუსეთი უკრაინისგან ითხოვს.
ამასთან, რიკარდ იოზვიაკის თქმით, ევროკავშირი სამუშაო დოკუმენტში ოკუპანტი ქვეყნისგან მაქსიმალურს ითხოვს, რათა რაღაც მაინც მიიღოს.
ეს არის დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირმა წარმოადგინა, როგორც საპასუხო წინადადება ყველა იმ დათმობაზე, რასაც რუსეთი უკრაინისგან ითხოვს. ეს არის ძალიან მაქსიმალისტური დოკუმენტი, რომელიც ძირითადად ყველაფერზე საუბრობს, რაც რუსეთმა უნდა გააკეთოს ბრიუსელის აზრით. ერთ-ერთი რამ, რასაც ისინი აღნიშნავენ, არის ის, რომ უკრაინის დატოვების და იქ ჯარების შემცირების შემდეგ, რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა მეზობელი ქვეყანა, სადაც მათ ჯარები ჰყავთ, მათ შორის საქართველო – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ასევე მისი ბაზა სომხეთში, ბელარუსში და რა თქმა უნდა მოლდოვაში. ევროკავშირი ფიქრობს, რომ რუსეთმა ესეც უნდა გაითვალისწინოს მოლაპარაკებებში,” – თქვა იოზვიაკმა “პირველებთან”.
რიკარდ იოზვიაკი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი რუსეთის მიმართ ძალიან მკაცრია, ამასთან, ის “ქართული ოცნების” წინააღმდეგია და სურს საქართველოს მთავრობას სანქციები დაუწესოს.
ეს საკითხი ევროპელმა დიპლომატებმა უკვე განიხილეს ამ კვირაში ბრიუსელში და სავარაუდოდ, ის კვლავ განიხილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც მომავალ კვირას, ორშაბათს, ბრიუსელში გაიმართება. კაია კალასი ამ საკითხის ინიციატორია, ის ძალიან მკაცრია რუსეთის მიმართ. ის რუსეთის წინააღმდეგაა, ის საქართველოს მთავრობის წინააღმდეგაა, მას სურს საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესება, მაგრამ ჯერ ერთსულოვნება არ არის, მაგრამ ეს ასევე იმის ნიშანია, რომ ის კვლავაც იქცევა გაბედულად და მოითხოვს რუსეთისგან მაქსიმალურ დათმობებს. ეს სამუშაო დოკუმენტია, კაია კალასი ფიქრობს რომ რაც უფრო მეტს მოითხოვ მით მეტია შანსი მიიღო რაღაც, თუ არაფერს მოითხოვ ვერც ვერაფერს მიიღებ. ის იაზრებს რომ ზეწოლის გარეშე რუსეთი არ დაიხევს უკან მეზობელი ქვეყნებიდან, ეს უკანასკნელი კი ნამდვილად არის ევროკავშირის სურვილი,” – აცხადებს რიკარდ იოზვიაკი.
ევროკავშირმა კაია კალასის ხელმძღვანელობით, სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაზეა საუბარი.
დოკუმენტში ასახულია, თუ რა დათმობებზე უნდა წავიდეს რუსეთი უკრაინასთან მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებში, რომელშიც შეერთებული შტატები შუამავლობით მონაწილეობს.
დოკუმენტი 23 თებერვალს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას განხილვის საგანი გახდება.




