„ყველაფრის ფასებს თუ დაადგენენ, საბჭოთა კავშირში ვბრუნდებით – სასაცილოა, კვერცხის ფასის 5%-ით გაიაფებაზე ვსაუბრობდეთ“

„ყველაფრის ფასებს თუ დაადგენენ, საბჭოთა კავშირში ვბრუნდებით“, – ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი, ICR ჯგუფის ხელმძღვანელი კახა ხაზარაძე მთავრობის მიერ ფასების შესწავლის პოლიტიკას.

როგორც მან „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ აღნიშნა, თუ დღეს ქვეყანაში კარტელური შეთანხმება არსებობს, ეს ნიშნავს, რომ მთავრობას აქვს არასწორი პოლიტიკა.

„თუ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბიზნესი თავად უნდა აკეთოს, მაშინ გააკეთოს. მე არ მინახავს არცერთ საბაზრო ეკონომიკაზე მდგარ ქვეყანაში, რომ პროდუქტის ფასებს სახელმწიფო საზღვრავდეს ან თუნდაც პარლამენტი. მთავრობა ვალდებულია, სწორი რეგულაციები არსებობდეს ქვეყანაში, ანტიმონოპოლიური კანონი არსებობდეს, შესაბამისად, ინსტიტუციები მუშაობდნენ. თუ ეს ყველაფერი სწორად მუშაობს, ბაზარი თვითონ არეგულირებს ფასს. სასაცილოა, კვერცხის ფასის 5%-ით გაიაფებაზე ვსაუბრობდეთ…

რიგ დარგებში დღეს შეიძლება კარტელურ შეთანხმებასთანაც გვაქვს საქმე, მაგრამ თუ ასეთი შეთანხმება არსებობს, ეს ნიშნავს, რომ მთავრობას არასწორი პოლიტიკა აქვს. ორმაგი სტანდარტია და ჩემთვის გაუგებარია პროცესის ამ ფორმატში წარმართვა. ყველაფრის ფასებს თუ დაადგენენ საბჭოთა კავშირში ვბრუნდებით, არასწორი გზით მივდივართ, ეს არის ყველაზე ცუდი.

რა მოხდება საბოლოო ჯამში?! მთავრობის კომისია დაადგენს და მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტი გაიაფდება?! ეს ხომ ტყუილია. რომელი სახელმწიფო საზღვრავს კვერცხის ფასს, ეს ხომ წარმოუდგენელია. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, რომ ადგილობრივი წარმოება იყოს დაცული და ადგილობრივი წარმოების მიერ შექმნილი პროდუქტი უპრობლემოდ მიდიოდეს მომხმარებლამდე. ყველა ცივილიზებული სახელმწიფო ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქციას.

ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ და სადღაც ბნელ ოთახში ვეძებთ, რომ თურმე რამხელა მარჟა ჰქონია დისტრიბუციას, მწარმოებელს… ახლა გახდა ეს ცნობილი?! ბოლო 3 თვის განმავლობაში დავადგინეთ?! ეს ხომ წლებია გრძელდება ამ მთავრობის ქვეშ. ეს უფრო რაღაც შოუს მატარებელი მგონია, რომ მოსახლეობას დაანახონ – რაღაცისთვის იბრძვიან. იმიტომ, რომ მოსახლეობაში აზრი ორად არის გაყოფილი. ნაწილი თვლის, რომ ეს ბიზნესის ბრალია, იმიტომ რომ ბიზნესს ან არ აქვს საშუალება იაფი პროდუქტი შექმნას, ან თვლის რომ დიდი მოგება უნდა მოსახლეობის ხარჯზე, მაგრამ ეს რეგულაციები ვის ხელშია?! ეს რეგულაციები სახელმწიფოს ხელშია,“ – აღნიშნა კახა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფასებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა განცხადება პირველად 2025 წლის 24 დეკემბერს განაცხადა. ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩაერთო. ამასთან, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შესწავლის მიზნით, შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომლის ფარგლებშიც მოუსმინეს ადგილობრივ მწარმოებლებს, რითეილერებს, დისტრიბუტორებს, ასევე ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს და ნავთობიმპორტიორებს.

ახლა კი პროცესმა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა, სადაც ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის ორი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა, სადაც კვერცხის, რძისა, ხორცპროდუქტების, ხილ-ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების მწარმოებლებს მოუსმინეს. ამასთან, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ადგილობრივი აგრო-ქიმიური საშუალებების მიმართულების შესწავლასაც გეგმავს.

რაც შეეხება შედეგებს, როგორც ცნობილია კომისია მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს