“მოსაზრება, რომ ხელისუფლების წამოწყებული ე.წ. რეფორმა ილიას უნივერსიტეტის წინააღმდეგ არის მიმართული, სრულიად საფუძვლიანია, ისევე როგორც შენობების გასხვისებასთან დაკავშირებული სრულიად ბანალური, მერკანტილური მოტივი, თუმცა მე ამ პრობლემას უფრო ფართოდ შევხედავდი. დავიწყებ იმით, რომ რეჟიმის ფორმირების პროცესში ხელისუფლებას აქვს გარკვეული პრობლემები, რაც სხვადასხვანაირია. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ახალ თაობასთან კონფლიქტი. ამ რეჟიმის ფორმირება ხდება პოსტსაბჭოთა მენტალიტეტზე დაყრდნობით, რაც სრულიად უცხოა ახალი თაობისთვის. შესაბამისად, ამ ყველაფერს თაობათა შორის კონფლიქტის განზომილებაც აქვს. უფრო მეტსაც გეტყვით, რუსი იმპერიალისტი იდეოლოგები ბოლო წლებში ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ, საქართველოში ყველაფერი სწორად მიდის, მაგრამ პრობლემაა ახალი თაობა, რომელიც სრულიად გაუცხოებულია ჩვენს წიაღთან, რუსული ენაც კი არ იცისო. მათი აზრით, ენის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ახალი მოდელით მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში რეინტეგრაციისთვის”, – აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვენსის ვიზიტი კავკასიაში საქართველოს გვერდის ავლით ჩვენთვის გეოპოლიტიკური კატასტროფაა”.
“ვფიქრობ, ეს ე.წ. განათლების რეფორმა გარკვეულწილად შიდაპოლიტიკური მოტივებითაც არის განპირობებული, მაგრამ, ჩემი აზრით, სამწუხაროდ, ყველაზე მნიშვნელოვანი რუსული ფაქტორია. გარკვეული ქმედებები მეტყველებს, რომ ამ რეფორმების სტრატეგია სწორედ კრემლთან კოორდინაციაშია შემუშავებული. ახლა შევეცდები ავხსნა, რატომ ვფიქრობ ასე. გავიხსენოთ, რით დაიწყეს ეს რეფორმა – გამოცხადდა 3 ინიციატივა: პირველი – განათლების საერთაშორისო ცენტრის გაუქმება, მეორე 11-წლიან სასკოლო განათლებაზე გადასვლა და მესამე – უმაღლესი განათლების სისტემის მოწყობა პრინციპით: “ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი”. რას იძლევა ეს სამი ინიციატივა? – ართულებს ცივილიზებულ სამყაროში განათლების მიღებას. მოგეხსენებათ, 11-წლიანი განათლება ცივილიზებულ სამყაროში არსად არ არის, ანუ 11-წლიან ატესტატს არსად არ იღებენ. ერთადერთი ქვეყანა არის რუსეთი, სადაც ის შეიძლება იყოს მოქმედი და ასევე დსთ-ის ზოგიერთ ქვეყანაში. პირველი ორი ინიციატივა სწორედ ამგვარი შედეგის მიღებას ემსახურება, ანუ გადაუკეტონ ქართველ ახალგაზრდებს ცივილიზებული, დასავლური განათლების მიღების გზები. რაც შეეხება მესამეს, უნდათ შექმნან ხელოვნური დეფიციტი მოთხოვნად პროფესიებზე და საბოლოოდ იძულებული გახადონ ქართველო მშობლები და აბიტურიენტები, რომ უცხოეთში ეძებონ განათლების მიღების საშუალებები, თუმცა ვინაიდან ხელისუფლება მათ დასავლეთისკენ გზებს ყველანაირად უჭრის, ალტერნატივად რჩებათ მხოლოდ რუსეთისა და დსთ-ის ზოგიერთი ქვეყნის უნივერსიტეტები”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“ვინმემ დაასაბუთა, რა მოტივით გადაწყვიტეს 11-წლიან სწავლებაზე გადასვლა? თუ ჩვენი მიზანია ინტეგრაცია ცივილიზებულ სამყაროში, მაშ, რატომ ვამბობთ უარს ვიყოთ საერთაშორისო, გლობალური განათლების სისტემის ნაწილი? ყველაფერი, რასაც ახლა ამბობენ, რომ ვიღაცა 12 წელს ისწავლის, რეპეტიტორიუმს თუ რაღაც მსგავსს ქმნიან, ეს წყალზე ნაწერი ისტორიებია, რაც ან განხორციელდება, ან არა. მთავარი დამაზიანებელი და სახიფათო ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ვიმეორებ, ილიას უნივერსიტეტი ნამდვილად არის კონკრეტული სამიზნე, მაგრამ პრობლემა გაცილებით გრძელვადიანი და გლობალურია. რეზიუმე რომ გავაკეთო, ეს რეფორმა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოს განათლების სისტემის სრული ინტეგრაცია მოხდეს რუსულ იმპერიულ განათლების სისტემაში. რბილი იმპერიული ძალა ასე მოქმედებს, ხდება სინქრონიზაცია და ინტეგრაცია სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ პროცესების ამგვარ განვითარებას პოლიტიკური, ეკონომიკური, საინფორმაციო და ახლა უკვე განათლების მიმართულებითაც. ახლა ცდილობენ ახალი თაობის რეინტეგრაცია მოახდინონ ამ იმპერიულ სივრცეში. არ ვამბობ, რომ ვისი ხელითაც ეს კეთდება, ამ ყველაფრის აზრზე არიან, ვერ გამოვრიცხავ, რომ ისინი იღებენ დავალებას, ასრულებენ და სულაც არ იციან, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ქართული ოცნება” ნამდვილად ცდილობს ჩვენი ხალხი დააჯეროს, რომ აშშ-ისთვის სულერთია ვინ არის აქ ხელისუფლებაში, რომ მათი არადემოკრატიული ნაბიჯების მიუხედავად, მათთან ილაპარაკებენ და ა.შ. ასე არ მოხდება და აგიხსნით რატომ. ვინაიდან იციან საზოგადოების განწყობა, ცდილობენ იმიტირებასა და ილუზიების შექმნას, თითქოს კიდევ შეუძლიათ მნიშვნელოვან პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენა. შესაბამისად, არაფრისგან სცადეს ისტორიის შექმნა, სინამდვილეში კი ყაველაშვილთან ეს იყო წმინდად პროტოკოლური, შემთხვევითი გასაუბრება და არ ყოფილა ცალკე დანიშნული შეხვედრა, მით უფრო, რომ ამერიკელებმა კარგად იციან, ვინ არის ყაველაშვილი და რა წონა აქვს მის ფიგურას. რაც შეეხება მდინარაძის ვიზიტს, ვფიქრობ, ის არ იყო პოლიტიკური ვიზიტი და უკავშირდებოდა ირანის ირგვლივ მიმდინარე პროცესს, რაც, დიდი ალბათობით, ამერიკელების ინიციატივით შედგა. მოგეხსენებათ, ირანთან დაკავშირებით რამდენიმე სცენარი არსებობს, იქაურ დემოკრატიას აქვს თავისი სტანდარტი – სპეცსამსახურების ხელმძღვანელთან ლაპარაკობენ სპეცსამსახურებზე, პოლიტიკოსებთან – პოლიტიკურ თემებზე… ამ ვიზიტს რაიმე პოლიტიკური შედეგი რომ ჰქონოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, ხელისუფლება ამას როგორ გააფორმებდა და როგორ მიაწვდიდა მოსახლეობას”, – განმარტავს ექსპერტი.
“რაც შეეხება იმიტაციებს, რომ მათ კიდევ აქვთ აშშ-თან ურთიერთობის აღდგენის რესურსი, ეს არის ერთგვარი ნიღაბი იმ რეალური გზისა, რაც აირჩია “ოცნებამ”. ჯერჯერობით არ მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ვითარება ისეა მომწიფებული, რომ პირდაპირ გამოგვიცხადონ, გაუმარჯოს რუსეთის იმპერიას და საბჭოთა კავშირის აღდგენასო. იმაზეც კი ლაპარაკობენ, ევროკავშირში გვინდაო, ოღონდ დილით ევროკავშირს ლანძღავენ, რაღას არ აბრალებენ, საღამოს კიდევ ევროპაში მიდიან. ეს არის ობივატელზე გათვლილი ვირეშმაკული თამაში, ადამიანზე, რომელიც უპირობოდ იღებს პროპაგანდას, მით უმეტეს, თუ ის ინტენსიურია. დღეში 10-ჯერ ტყუილს რომ გეტყვიან, ბოლოს და ბოლოს, დაიჯერებ… საქართველო, როგორც სუბიექტი, საერთაშორისო ურთიერთობებში გაქრა. ეს ჩანს ყველაფერში, მათ შორის ვენსის ვიზიტშიც. საქართველოს არ ელაპარაკებიან, არ მიიჩნევენ ამას შესაძლებლად. ვიღაცა ფიქრობს, რომ საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკა ყალიბდება კრემლში და თუ დასჭირდათ, ჯობს კრემლს ელაპარაკონ და არა ამათ. არის მეორე მნიშვნელოვანი განზომილებაც – რამდენიმე დღის წინ მარკო რუბიომ ირანზე საუბრისას ასეთი რამ თქვა, ამ ქვეყანასთან რთულია ურთიერთობა იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანას მართავს ვიღაც, არაინსტიტუციური სულიერი ლიდერი და ლაპარაკს ინსტიტუციურ ხელმძღვანელობასთან აზრი არა აქვს, რადგან ისინი გადაწყვეტილებებს არ იღებენო. ეს ნათქვამი პირდაპირ ვრცელდება საქართველოზეც”, – ამტკიცებს გია ხუხაშვილი.
“ქვეყანას მართავს არაინსტიტუციური პირი, სახელმწიფო მოღვაწეებისთვის კი, რომლებმაც უნდა ილაპარაკონ სტრატეგიულ ურთიერთობებზე, პარტნიორობაზე, დიდი მნიშვნელობა აქვს ვის ელაპარაკებიან. კობახიძესთან ლაპარაკს აზრი არა აქვს, რადგან ის ამ ლაპარაკში იძულებული იქნება, სულ ცოტა, გამოიყენოს ზარი ახლობელთან, თვითონ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. საერთაშორისო ურთიერთობებში თითქოს პირად ურთიერთობებს არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ აშშ-ის ან ნებისმიერი ქვეყნის ლიდერი რომ ხარ, რომელიმე ქვეყნის ფოსტალიონს რატომ დაელაპარაკები? დიქტატორებსაც ელაპარაკებიან, აგერ პუტინსაც კი, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო მტრად მიიჩნევს, მაგრამ საქმე ის არის, რომ პუტინი ინსტიტუციონალიზებული დიქტატორია, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და ამიტომ ელაპარაკებიან. ამავე პრინციპით ელაპარაკებიან ლუკაშენკოსაც… აქ ვის დაელაპარაკონ? – ივანიშვილი თვითონ არ ჯდება მოლაპარაკებებზე, მაგრამ რომც დაჯდეს, ოფიციალურ შეხვედრებს მასთან ვერ გამართავენ. ამ თვალსაზრისით ერთგვარ ჩიხში ვართ. “, – დაასკვნის რესპონდენტი.
“ივანიშვილს შეიძლება უნდა ამ ჩიხიდან გამოსვლა, მაგრამ ამის ერთადერთი გზა არსებობს – მისი ინსტიტუციონალიზაცია, უნდა გამოვიდეს ბუჩქებიდან და ფორმალურად აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ამ შემთხვევაში კიდევ არის მცირე შანსი, რომ ეს ურთიერთობები წავიდეს დალაგებისკენ. ვენსის ვიზიტი კავკასიაში საქართველოს გვერდის ავლით ჩვენთვის გეოპოლიტიკური კატასტროფაა. 5-10 წლის წინათაც კი, ვიდრე საქართველოს სრული დეგრადაცია და სტერილიზაცია დაიწყებოდა, ეს შეხვედრები აუცილებლად გაიმართებოდა თბილისში. დიახ, ჯეი დი ვენსი მათ საქართველოში შეხვდებოდა, რეგიონების ერთიანობის ცენტრი და დასავლეთთან ურთიერთობის მთავარი გამტარი ხომ აქამდე საქართველო იყო. შეხედეთ, კობახიძეს თითქმის არსად არ იწვევენ და არსად არ დადის, მაგრამ სადაც მიდის, იქაც ობოლი ბავშვივით დგას ხოლმე, იქაც კი არავინ ელაპარაკება, თუ არ ჩავთვლით ბოტსვანის პრეზიდენტს. რაც შეეხება შუა დერეფნის თემას, ჩემი აზრით, დღეს ანაკლიის პორტი უკვე ექსპლუატაციაში რომ ყოფილიყო გაშვებული, ზანგეზურის საკითხი შეიძლება არც დამდგარიყო, რადგან ახალი დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური დახასიათება აზრს დაკარგავდა”, – მიიჩნევს ექსპერტი.
“ზანგეზურის თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა ზუსტად იმიტომ, რომ საქართველოში მოხდა ქვეყნის გეოპოლიტიკური ფუნქციის ხელოვნური ტორპედირება. ჩვენ ეს გეოპოლიტიკური ფუნქცია სულ გვქონდა, მაგრამ საჭირო იყო მისი განვითარება, მაგრამ ამის ნაცვლად ხელისუფლებამ თვითონ მოახდინა საკუთარი გეოპოლიტიკური ფუნქციის საბოტირება, რაც იყო უპირველესად რუსეთის ინტერესი. თუმცა მოსკოვის ინტერესში არც ზანგეზურია. რადგან დაინახეს, რომ საქართველოში მიმდინარეობდა შუა დერეფნის განვითარების საბოტაჟი, იძულებული გახდნენ დიდი მოთამაშეები, რომლებისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩრდილოეთის გზის ალტერნატიული დერეფნის გაჭრა, შეეცვალათ მიმართულება და საბოლოოდ ყურადღებამ გადაინაცვლა ზანგეზურის დერეფანზე. მე არ ვამბობ, რომ მისი ამოქმედების შემდეგ საქართველოზე გამავალი დერეფანი სრულად გაუქმდება, მაგრამ ტვირთები ძალიან შემცირდება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთს აქვს პირდაპირი ინტერესი ტვირთები აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ სწორედ მისი პორტების საშუალებით გადაიზიდოს. დიახ, თურქეთს აქვს ამბიცია გახდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაერთებელი უმნიშვნელოვანესი ჰაბი. ამას ერდოღანი არც მალავს, ზანგეზური კი მას ამის შესაძლებლობას აძლევს”, – დასძენს გია ხუხაშვილი.




