“ისტორიის გაყალბება დაუშვებელია – 1616 წელი ტრაგედიაა და არა “ჩამოსვლა”!
“როგორც ფერეიდნელი ქართველი, რომლის წინაპრებიც 1616 წელს შაჰ აბას I-ის მიერ იძულებით გადაასახლეს ირანში, მინდა საჯაროდ გამოვხატო ჩემი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რაც 11 თებერვალს გაიმართა თბილისში.
ირანის საელჩოს მიერ ისლამური რევოლუციის გამარჯვების 47-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, როგორც მოსაწვევ ბარათში, ასევე ელჩ სეიედ ალი მოჯანის გამოსვლაში, „ქართველების ირანში ჩასვლის“ 410-ე წლისთავი ისტორიის დადებით მოვლენად იქნა მოხსენიებული.
ეს არის უხეში შეურაცხყოფა საქართველოს ისტორიული მეხსიერებისა და ფერეიდნელი ქართველების ტრაგედიის მიმართ.
ირანელი ელჩი ამბობს: „ჩავიდნენ… წვლილი შეიტანეს…“.
არა.
ჩვენი წინაპრები არ „ჩავიდნენ“ — იძულებით გადაასახლეს.
არ „შეიტანეს წვლილი“. გადაიხადეს სისხლიანი გადასახადი იმისთვის, რომ ირანი გაძლიერებულიყო.
მათი გადასახლება იყო მასობრივი დეპორტაცია და დემოგრაფიული გენოციდი, რომლის შედეგადაც ათასობით ქართველი დაიღუპა გზაში, ოჯახები დაიშალა და მთელი რეგიონები განადგურდა.
400 წელი გავიდა.
ამ 400 წლის განმავლობაში არც ერთი პერიოდი, არც ერთი მმართველი ფერეიდნელ ქართველებს სარგებელი არ მისცა.
როგორც ფერეიდნელმა ქართველმა, არ შემიძლია დუმილით ავუარო გვერდი ამ ცინიკურ მცდელობას, რომ ჩვენი წინაპრების სისხლიანი ტრაგედია რაღაც “ნებაყოფლობით ვიზიტად” ან “კულტურულ მისიად” წარმოაჩინონ.
ირანის ელჩის თქმით 1616 წელს, ანუ 410 წლის წინ, ირანში ირანში ჩასულ ქართველმა ხალხმა უდიდესი წვლილი შეიტანეს ირანის ვაჭრობის განვითარებაში, არქიტექტურაში და ირანის ტერიტორიის დაცვაში.
მაშინაც კი, თუ ქართველებმა ირანის არქიტექტურასა თუ დაცვაში წვლილი შეიტანეს (რაც ტყვეობაში მყოფი ნიჭიერი ხალხის იძულებითი შრომის შედეგი იყო), თავად ფერეიდნელებისთვის ამას სარგებელი არასდროს მოუტანია. ჩვენი წინაპრები იყვნენ მსხვერპლნი, რომლებსაც მშობლიური მიწა დაატოვებინეს და უცხო გარემოში გადაასახლეს.
ასევე ირანული მხარე საუბრობს “დამაკავშირებელ ხიდზე”, თუმცა ავიწყდებათ, რომ ამ 4 საუკუნის განმავლობაში ირანელებმა არაერთხელ ილაშქრეს ფერეიდანში. ამოიხოცა უამრავი ქართველი, სადაც გაქრა რამოდენიმე გვარი. ეს არ ყოფილა “მშვიდობიანი თანაცხოვრება” – ეს იყო გადარჩენისთვის ბრძოლა.
და დღესაც კი, როდესაც ფერეიდნელი ქართველები სამშობლოში ბრუნდებიან, ეს პროცესი უდიდეს პრობლემებთანაა დაკავშირებული. პირველი თაობა, რომელიც საქართველოში ინტეგრაციას ცდილობს, პრაქტიკულად საკუთარ პირად მიზნებსა და კომფორტს სწირავს დიდ ეროვნულ მიზანს – ერთიანობას.
შეუძლებელია პოზიტიურად შეფასდეს მოვლენა, რომელმაც ჩემს ხალხს 400-წლიანი ტკივილი, სამშობლოს მონატრება და ფიზიკური განადგურების საფრთხე მოუტანა. 1616 წელი საქართველოს ისტორიის შავი ლაქაა და მისი “საზეიმო” კონტექსტში მოხსენიება არის ისტორიული მეხსიერების შეურაცხყოფა.
შეუძლებელია, რომ ირანმა ჩვენი ტკივილი საკუთარი ისტორიის გამარჯვებად წარმოაჩინოს.
სამწუხაროდ, ამ შეურაცხყოფაზე საქართველოს მთავრობის მხრიდან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. უფრო მეტიც — საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და სხვა ოფიციალური პირები თვითონაც მონაწილეობდნენ ამ ღონისძიებაში, რამაც დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი ერის ისტორიულ მეხსიერებას.
ამიტომ ვთხოვთ საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებას:
ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენი ტრაგედია სხვისი „საზეიმო თარიღად“ იქცეს.
ნუ დავუშვებთ, რომ ისტორია გააყალბონ ჩვენს თვალწინ.
ჩვენ, ფერეიდნელები, მსხვერპლები ვართ.
მაგრამ არა დამარცხებულები.
ჩვენ ვართ ცოცხალი მოწმეები იმისა, რომ ქართველი სადაც არ უნდა იყოს — ქართველი რჩება. “
” | Facebook-გვერდი ფერეიდნიდან საქართველომდე სოციალურ ქსელში ფერეიდნელი ქართველის, ნიკა რამიშვილის პოსტს ავრცელებს.




