ნიკო კვარაცხელიას დედა: მათე დევიძეს რა უნდა ციხეში? (ვიდეო)

სისხლი არ მწყრია, სამართალი მინდა! – ამის შესახებ თბილისის ცენტრში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედამ TV პირველისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

იზო იმაძე ამბობს, რომ სამართლებრივი დეტალების გავლის შემდეგ აქციას დააანონსებს.

“ნიკო მოკლა უბინძურესმა ტვინმა, რომელიც მართავს სამსახურებს, რომელმაც მოიფიქრა, რომ ნიკო აუცილებლად უნდა მოკლულიყო თავისი თანატოლების მხრიდან, თუმცა ნიკო თავის თაობას არ მოუკლავს, ეს თაობა არის ერთ-ერთი რგოლი. ნიკო ქვეყანას მოუკლეს შეკვეთით”- აცხადებს იზო ომაძე. 

ომაძემ “მკვლელების” მშობლებს მიმართა და უთხრა, რომ მათ ბოდიშს მიიღებს, თუ “მკვლელები და მათი მშობლები” რეალურ დამკვეთებს დაასახელებენ.

შვილმკვდარი დედის თქმით, პროკურატურამ მკვლელობის დღიდან “არია” საქმე. მისივე განცხადებით, საქართველოს ორი მოქალაქის, მათ შორის ტასის მძღოლის ჩვენებიდან იმდღესვე უნდა დაეკითხათ დასახელებული “გახმაურებული სახელები”.

რა მოხდა? – წინ და უკან ატარეს ფიგურანტები. რამდენიმე თვის თავზე მეუბნებიან იცით რას? – “არაფერს ამბობენ”, “დაკითხვაზე არ მოდიან”. ეს იმ ფონზე, როცა უდანაშაულო ადამიანებს ატყვევებენ, ასისხლიანებენ, მათე დევიძეს რა უნდა ციხეში და ნიკოს მკვლელები უნდა დადიოდნენ გარეთ? რეზო კიკნაძეს რა უნდა ციხეში?!  მე არ გავჩერდები!” -თქვა ომაძემ. 

“მოემზადეთ”- ეუბნება პროკურატურას მოკლულის დედა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როცა პროტესტი მექნება, მოვიდნენ მკვლელების დედები, თუ უნდათ შვილები გადაარჩინონ. მე მათ მივიღებ, თუმცა მათმა შვილებმა კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი. ხომ იციან, ვინ ახდენდა მათზე ზეგავლენას, რომ სიმართლე არ ეთქვათ?! – დასძინა მან. 

22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში მოკლეს.

საქმის მასალების თანახმად, 2000 წელს დაბადებულმა აკო ჭელიძემ კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან 1999 წელს დაბადებულ გიორგი კავილაძესთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.

მკვლელობაში ბრალდებულები წყნეთში დააკავეს.  მათ 17 და 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობის დღიდან ამტკიცებს, რომ მკვლელობას დამკვეთი ჰყავდა და საქმის ამ მიმართულებით გამოძიებას წლებია, ითხოვს.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან მალევე, მედიაში გაჩნდა ვერსია, რომ ნიკო კვარაცხელია, სავარაუდოდ, მამაზე, ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ პირზე, ე.წ. „კანონიერი ქურდ“, გია კვარაცხელიაზე შურისძიების მიზნით მოკლეს.
ამ ვერსიის თანახმად, შურისძიება უკავშირდებოდა 20 წლის წინანდელ ინციდენტს – მოსკოვში ე.წ. „კანონიერი ქურდის“, დავით კაკულიას, იგივე „თბილისკის“ მკვლელობას. გავრცელებული ვერსიით, ნიკოს მკვლელობა სწორედ დავით კაკულიას შვილებმა, გუგა და დათა კაკულიებმა სომხეთიდან დაუკვეთეს.

გურამ და დავით კაკულიები სამართალდამცავებმა 2022 წლის მაისის ბოლოს, სრულიად სხვა საქმეზე, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის შემდეგ დააკავეს, რა დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა.

გურამ კაკულიამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე თქვა, რომ მათ ამ საქმესთან კავშირი არ აქვთ.