გიგი წერეთელი: უნდათ, საგანმანათლებლო სფეროც გაკონტროლდეს, როგორც დანარჩენი ყველაფერი

დამოუკიდებელი, კრიტიკული კერების ჩახშობა და რეორგანიზაციის პირობებში არასასურველი პროფესორ-მასწავლებლების გაშვება-ჩანაცვლება სურთ, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ხელისუფლების მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმას.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება დაანონსებული რეფორმების განხორციელებას განაგრძობს, განათლების ხარისხი კიდევ უფრო დაეცემა.

გიგი წერეთელი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება ქვეყანაში ხელოვნურად იწვევს „ვნებათაღელვას“, რათა საგარეო პოლიტიკაში არსებული პრობლემები გადაფარონ.

„სრულიად ნათელია, რომ ეს [რეფორმები] არანაირად არ ემსახურება განათლების გაუმჯობესებას და განათლების სისტემის კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანას. აქ ალბათ, ბევრი ინტერესია, პოლიტიკური ინტერესი, გაკონტროლების ინტერესი, ეკონომიკური ინტერესი, მაგრამ ფაქტი ერთია, ეს არის მიუღებელი აკადემიური წრეებისთვის, ეს ყველაფერი კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებლებს ძალიან დააზარალებს და დააზიანებს. ყველა დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, ძლიერი სტუდენტური კავშირებით, განათლებული ადამიანებით, უფრო სერიოზულად კრიტიკულია ხოლმე ხელისუფლების მიმართ და ვერ აკონტროლებენ და ახლა უნდათ, რომ საგანმანათლებლო სფეროც გაკონტროლდეს ისე, როგორც ყველაფერი კონტროლდება. პირველ დონეზე ეს შედარებით უკეთ აქვთ. ბაგა ბაღებში, სკოლებში სერიოზული მექანიზმებია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ახლა როგორც ჩანს ჯერი მიდგა უმაღლეს სასწავლებლებზე. აქ მე ვფიქრობ, რომ არის სერიოზული პოლიტიკური კომპონენტი, დამოუკიდებელი, კრიტიკული კერების ჩახშობა და რეორგანიზაციის პირობებში არასასურველი პროფესორ-მასწავლებლების გაშვება, ჩანაცვლება სურთ. დამოუკიდებლობას თუ დაკარგავს უმაღლესი სასწავლებელი, რაც ძალიან დიდი მონაპოვარია, რა თქმა უნდა, მათი გავლენაც მცირდება. განათლების ხარისხი კიდევ უფრო დაეცემა, თუკი ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება.

მეორეს მხრივ შესაძლებელია ამ ყველაფერს, ამ ვნებათაღელვას ხელოვნურად იწვევს და შესაძლებელია სხვა საკითხების გადასაფარად იყოს ეს ყველაფერი. მაგალითად საერთაშორისო დიდი პრობლემების გადასაფარად, რა ვითარებაც დღეს არის ევროპელებთან და ამერიკელებთან. მიღებულია გადაწყვეტილება დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.