ორი დღის წინ პროკურატურის მიერ გავრცელებულმა კადრებმა სრულიად ქვეყანა შეძრა. გავიგეთ, რომ გიგა ავალიანის მკვლელობამდე, მის საქმეზე ბრალდებული ალექსანდრე გაბაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი და გიორგი რიკაძე სისტემატურად უსწორდებოდნენ სხვა მოზარდებსაც, თან ამას აკეთებდნენ წინასწარ შეთანხმებით.
სამივე მათგანს ბრალი დაუმძიმდა და გუშინ სამივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მათი მშობლები ორი დღეა შვილების მართლების რეჟიმში არიან. ეს განსაკუთრებით აღიზიანებს საზოგადოებას, რომელიც ძალადობის ამსახველი კადრების შემდეგ შოკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოდის.
- ბოლო ორ დღეში თითქმის ყველა სოციალური ქსელი ამ თემით არის აჭრელებული. ცნობილი ინფლუენსერები ეკა კუპატაძეს მხარდაჭერას უცხადებენ და აკრიტიკებენ ბრალდებულების მშობლებს:
ელენე “ფოქსი”: “ამ ვიდეოს დადების შემდეგ ერთ-ერთის დედის კომენტარი გავრცელდა, სადაც ამბობს, რომ ეს იყო საყოფაცხოვრებო ჩხუბი. ვინმემ ამიხსენით რას ნიშნავს საყოფაცხოვრებო ჩხუბი? რატომ არის ეს მათ ოჯახში ნორმა. გამოდის რომ ეს მათთან ნორმა იყო და 5 ადამიანი რომ ერთს ასახიჩრებს, თურმე ყოფილა ნორმა. მიკვირს როგორ არ ჰქონდათ დაზარალებული მოზარდების მშობლებს რეაგირება, ან თუ ჰქონდათ, რატომ არ დაისაჯნენ. რომ დასჯილიყვნენ გიგა ხომ შეიძლება ცოცხალი ყოფილიყო. აქვე მახსენდება მამის კომენტარი (საუბარია ალექსანდრე გაბაშვილის მამის კომენტარზე, სადაც ამბობს, რომ მუშტის დარტყმის გამო 14 წელი მისი შვილი ციხეში არ უნდა იჯდეს) – თქვენ ცოცხალი გეყოლებათ შვილი, ამ ქალმა რა თქვას? ახალგაზრდა განათლებული ბიჭი რომ მიწას მიაბარა”.
ანი ჯავახი: “ეკა მასწავლებელი იყო ჩემთვის ყველაზე ძვირფასი, რომელმაც სწავლა შემაყვარა, გაზარდა უმაგრესი შვილები, ურთულესი ცხოვრება გამოიარა და ახლა ცხოვრებით ტკბებოდა და ვიღაც ვიგინდარებმა ეს ცხოვრება წაართვეს. ესენი ადამიანები არ არიან, ესენი არიან მკვლელების ხროვა, რომლებსაც თურმე ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი. მშობელმა თქვა ერთ-ერთის, რომ ერთი მუშტის დარტყმის გამო 14 წელი როგორ უნდა იჯდეს ჩემი შვილიო, მეორე კიდევ გამოდის და შიმშილს იწყებს, რომ შვილი გაამართლოს. თქვენ კიდევ ცალკე დანაშაული გაქვთ. თქვენ, როცა მკვლელს ხელს აფარებთ, თქვენც მკვლელები ხართ. 14 წელი არის საჩუქარი, უმკაცრესად უნდა იყვნენ დასჯილები ეს ადამიანები”.
საზინა: “გიგა ავალიანის დედის ვიდეოებს ვერც ვუყურებ, იმდენად მძიმეა. ამ საქმეში გიგა ავალიანის დედის მერე, ყველაზე მეტად მეფიქრება იმ გოგოზე, ვის გამოც ეს ყველაფერი მოხდა, არ ვიცი რატომ, ან რა უთხრა თავის შეყვარებულს, ან რატომ უთხრა, რადგან ფაქტია გიგას მხრიდან არანაირი ზედმეტი არაფერი არ იყო, მაგრამ მე მინდა მივმართო მოზარდ გოგონებს – არაფრის გულისთვის ადამიანი დაიღუპა. 32 წლის ვარ და ჩემს გამო არც ერთ ბიჭს არ უჩხუბია, ეს არის ნორმალური და არა ის, რომ ბიჭებს ჩემთვის ეჩხუბათ. არ გინდოდეთ არავისი საფრთხეში ჩაგდება”
ნათია მეზვრიშილი (ნაწკა): “სანამ ისეთების მშობლები მსგავს შემთხვევებს, უბრალოდ გოგოს გამო ჩხუბს დაარქმევენ, ესე იგი კიდევ ბევრს გაზრდიან ასეთი მენტალიტეტით და რა ვქნათ ჩვენ? ვისაც დღე და ღამე ჩვენი შვილების სწორ აღზრდაზე და განათლებაზე გვეფიქრება? ჩვენ როგორ დავიცვათ ჩვენო შვილები?”.
“ნეა: “ვუსამძიმრებ ოჯახს და წარმოდგენა არ მინდა რას გრძნობს დედამისი, მეორე რაც მინდა ვუთხრა, იმ არაკაცების მშობლებს, რომ გრცხვენოდეთ ეგეთი შვილები რომ გაზარდეთ, ეგეთ სიძულვილში როგორ გაზარდეთ თქვენი შვილები. მე როგორც საქართველოს მოქალაქეს მეშინია, რომ ჩემი შვილი ასეთ ქვეყანაში დაიბადოს. მსგავსი რამ რომ მოხდეს, და ჩემს შვილს რაიმე დაემართოს, ვინ უნდა დამიცვას? ან სად უნდა ვიპოვო სამართალი” .
ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა. არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ.-ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.




