პაპუაშვილი ადასტურებს, რომ “ოცნებაში” მოქალაქეთა მიერ ხელისუფლების არაღიარების კრიმინალიზებაზე “ფიქრობენ”

“ოცნების” ლეგიტიმაციის არცნობა შესაძლოა, სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს – დღეს “ოცნების” პარლამენტის თავმჯომარემ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ გუშინ მოქალაქეთა მიერ ხელისუფლების არაღიარების კრიმინალიზებაზე “ფიქრობენ”.

“ვნახოთ, არის იდეა – რა ფორმულებით იქნება და რას გადაწყვეტს პარლამენტი” – განაცხადა პაპუაშვილმა.

რა ხდება? 

  • გუშინ “ოცნების” დეპუტატმა ლევან მაჭავარინმა არჩილ გორდულაძეს ჰკითხა – “ხომ არ ვიფიქროთ რამე ტიპის სანქციებზე იმ პოლიტიკური ჯგუფების თუ აქტივისტების მიმართ, რომლებიც არ ცნობენ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციას”, რაზე საპასუხოდაც გორდულაძემ თქვა, რომ თუ პარლამენტი ამას დათანხმდება, შესაძლოა, “კონსტიტუციური ორგანოების არცნობის” შესახებ მოწოდება მათ შორის სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს.

“ჩვენი საკანონმდებლო რეგულაციები არის რეაქცია. ჩვენ ვაკვირდებით და ყველა იმ საკითხს ვაწესრიგებთ, რაც არის პრობლემური ჩვენი საზოგადოებისთვის, კონსტიტუციური წყობისთვის და საზოგადოების უსაფროებისთვის.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ იდეაზე, რომელიც გუშინ იქნა წამოყენებული. არის ექსტრემიზმი და ექსტრემისტულს მიდგომებს სახელი უნდა დაერქვას. ამ მხრივ, გერმანიის მაგალითი გვაქვს, როცა არის ერთი-ერთში იდენტური სიტუაცია.

გერმანიაში ე.წ. “რაიხსბიურგერების მოძრაობა“, რომელსაც 20 000 მიმდევარი ჰყავდა, გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ერთ დღეში დახურა. ოთხი კაცი, მათ შoრის ხელმძღვანელი დაიჭირეს. გერმანიაში ბრალდება არის ის, რომ კონსტიტუციურ ორგანოებს არ აღიარებენ – საქართველოშიც კონსტიტუციურ ორგანოებს არ აღიარებენ და ქმნიან პარალელურ სტრუქტურებს. გერმანიაში ადამიანი ამბობდა, რომ იყო გერმანიის მეფე. ჩვენ აქ ერთი ქალბატონი გვყავს, რომელიც ამბობს, რომ არის საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის შტანდარტი უდგას ხოლმე. კარგია, რომ მას ბოლო პერიოდში ელჩები აღარ ხვდებიან, მაგრამ მასთან ელჩები მიდიოდნენ და თვითმარქვია პრეზიდენტს პრეზიდენტის შტანდარტი ედგა. აქაც სავარაუდოდ მეფობა სურს ადამიანს, ვინც ამბობს, რომ არის პრეზიდენტი. გერმანიაშიც იყო მოწოდება გადასახადების არგადახდაზე. იგივე გვესმოდა ჩვენ საქართველოში. გერმანიაში პარალელური სტრუქტურები, დარბაზები იქმნებოდა. აქაც პარალელური პარლამენტი და დარბაზების შექმნას ცდილობდნენ. გერმანიაში იყო ძალადობა, მუქარა მოსამართლეების, პოლიციელების და საჯარო მოხელეების მიმართ. ხომ არ გვახსენდება საქართველოში მოსამართლეების, პოლიციელების და საჯარო მოხელეების მიმართ მუქარა?

ექსტრემიზმი და შიდა ტერორიზმი გამოწვევაა ყველა ქვეყნისთვის და ყველა სახელმწიფო ამას ებრძვის.

ვნახოთ, არის იდეა – რა ფორმულებით იქნება და რას გადაწყვეტს პარლამენტი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.