თეონა აქუბარდია – „მოსკოვის მექანიზმი“ იქნება მტკივნეული ივანიშვილის რეჟიმისთვის, განათლების რეფორმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება კი, ფაქტობრივად, არის ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმება, რაც საბჭოთა კავშირსაც კი არ გაუბედავს

„ვენის მექანიზმის“ შემდეგ „მოსკოვის მექანიზმის“ გამოყენება კიდევ ერთხელ აჩვენებს მძიმე ვითარებას ქვეყანაში – „მოსკოვის მექანიზმი“ იქნება მტკივნეული ივანიშვილის რეჟიმისთვის, რომელიც რეპრესიებს უწყობს მოქალაქეებს, – ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თეონა აქუბარდია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ეუთო-ს მიერ საქართველოზე „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურებას.
როგორც თეონა აქუბარდია აღნიშნავს, „მოსკოვის მექანიზმის“ გამოყენება სანქციების რეჟიმის დაწესებასაც ამარტივებს.
“საქართველო ეუთო-ს წევრია, ვალდებულება აქვს აღებული რომ დაიცვას ფუნდამენტური უფლებები, შესაბამისად, ამ ვალდებულების დაცვის ირგვლივ ამ მექანიზმის ამოქმედების წამმზომი უკვე ჩართულია.
2024 წლის დეკემბრის ბოლოს, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ და კოალიციამ ერთობლივად მივმართეთ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების მიზნით. „ვენის მექანიზმის“ შემდეგ, „მოსკოვის მექანიზმის“ გამოყენება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ მძიმე ვითარებას ქვეყანაში ფუნდამენტური უფლებების კუთხით, რომელიც საქართველოში არის შექმნილი. სულ რამდენიმე პრეცედენტია ამ მექანიზმის გამოყენების. ბოლოს გამოყენებული იყო ბელარუსში, ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფონზე. რამდენჯერმე იყო გამოყენებული უკრაინაში რუსეთის აგრესიის ჭრილში, უკრაინის მხრიდან იყო მოთხოვნილი ეს მექანიზმი.
რაც შეეხება ვადებს, ძალიან სწრაფი რეჟიმია: იგზავნება 1-3 ექსპერტი, მათ შორის, არ არის სავალდებულო ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობა ეუთო-სთან. თუ „ქართული ოცნება“ უარს იტყვის თანამშრომლობაზე, ეს მოკვლევა და ფაქტების დადგენა მაინც შედგება ექსპერტის მიერ. დამოუკიდებელი ექსპერტები 2-3 კვირის ვადაში ადგენენ იმ ფაქტებს, რომელსაც ადგილი აქვს ადამიანის უფლებების კუთხით. ის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ინფორმაციას მიაწვდიან და შეფასებებს, უნდა იყვნენ ხელშეუხებლები და დაცულები რეპრესიებიდან.
რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს „მოსკოვის“ მექანიზმს, როგორც არის პრაქტიკა, 2-3 თვეზე იქნება შესაბამისი ვერდიქტი გამოტანილი, დადგენილი ფაქტები. ამ ფაქტებს ექნება გამოტანილი შემდეგი განზომილება: საერთაშორისო სასამართლოები, სადაც იქნება ეს დასკვნები გამოყენებული საქართველოზე და მეორე: სანქციების რეჟიმი, რომლის დაწესება მარტივდება, როდესაც ეს მექანიზმია გამოყენებული. „მოსკოვის მექანიზმი იქნება მტკივნეული ივანიშვილის რეჟიმისთვის და დამხმარე იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც რეპრესიებს უწყობს რეჟიმი იმისთვის, რომ ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები და კონსტიტუციას იცავენ“, – აღნიშნა აქუბარდია.
გარდა აღნიშნული თემისა, მან „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა. როგორც თეონა აქუბარდიამ აღნიშნა, ბოლო ცვლილებები საერთოდ აუქმებს მოქალაქეობის უფლებას, მმართველი გუნდი კი პოლიტიკური კონკურენციის საფრთხეს ხედავს არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ პირებს შორის.
„ბოლო ცვლილებები, რაც დაინიცირებული ვნახეთ „გრანტების კანონში“ საერთოდ აუქმებს მოქალაქეობის უფლებას და კონსტიტუციას საბოლოოდ თავზე ახევს ყველას, მით უფრო მაშინ, როდესაც კანონში ჩანაწერია, რომ უკუძალას ანიჭებენ ამ კანონს. როდესაც პოლიტიკური პარტიების გაუქმების განაცხადი საკონსტიტუციო სასამართლოში აქვთ შეტანილი და ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, როცა დასჭირდებათ, სამომავლო პერსპექტივასაც კი რომ ახალი პარტია შეიქმნას, ან ახალ პარტიაში წევრები შევიდნენ, ამ პერსპექტივასაც აქრობენ. რა თქმა უნდა, [პოლიტიკური კონკურენციის საფრთხეს ხედავს არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ პირებს შორის}.
თუ გახსოვთ, „რაჟდენა“ კუპრაშვილის კანტორა აყადაღებდა ანგარიშებს, მათ შორის, ფიზიკური პირებისას იმ მოტივით, რომ ისინი იყვნენ პირები, რომლებსაც ჰქონდათ საარჩევნო პოლიტიკური ამბიციები, ახლა კანონში შედის ცვლილება და იქნება პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტი. ყველა მოქალაქე, რომელიც აპროტესტებს კონკრეტულ საკითხს, შესაძლოა ჩაითვალოს, როგორც პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტი, მიუხედავად იმისა, აპირებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენი პერსონალური ინფორმაცია სასამართლოს გარეშე იქნება მიწოდებული აუდის სამსახურისთვის, რუტინულად შეამოწმებენ არამხოლოდ ფინანსურ მდგომარეობას, არამედ პირადი ცხოვრების დეტალებს, სამედიცინო ისტორიის ჩათვლით. არავინ იფიქროს, რომ „გრანტების კანონის“ მიღებით სრულდება პროცესი. თუ შევეგუებით „რუსული კანონებით“ ცხოვრებას, საბოლოო სვლას გააკეთებს საქართველოში, საბოლოოდ მოხდება საქართველოს გაფორმებას რუსული გავლენის სფეროში. არავინ იფიქროს, ივანიშვილი ყრმობა არის ბოლო ეტაპი, აუცილებლად რუსეთის ყრმობით დასრულდება“, – აღნიშნა აქუბარდიამ.
ამასთან, თეონა აქუბარდიამ ისაუბრა იმ ჩანაწერზეც, რომლის თანახმადაც, მეწარმე სუბიექტი, ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, შესაძლოა 20 000 ლარით დაჯარიმდეს.
როგორც აქუბარდია აღნიშნავს, ეს არის დაშინების მეთოდი, რომ არავინ გაბედოს ხმის ამოღება, „ბიზნესს უკრძალავენ ხმის ამოღებას“
„აქ არ არის საუბარი მსხვილ ბიზნესზე, აქ საუბარია ზოგადად მეწარმეობაზე. დათვალეთ, რამდენი შპს არის და რამდენს აქვს კრიტიკული აზრი. მათ შორის, შესაძლებელია ჰქონდეთ კრიტიკული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ სუსი შედის მათ ბიზნესში და სუსის მეთოდებით ხდება ზემოქმედება სხვადასხვა ტიპის საქმიანობაზე. ბევრ ადამიანს აქვს შპს და აწარმოებს მცირე ბიზნესს. მათთვის პოზიციის გამოხატვა, რომ თუნდაც, საქართველოა, უკვე დასჯადია და 20 000 ლარი დაუჯდებათ. ეს არის დაშინების მეთოდი, რომ არავინ გაბედოს ხმის ამოღება, ან იმ ადამიანებმა, რომლებიც ამას აკეთებდნენ, ქვეყანა დატოვონ“, – აღნიშნავს აქუბარდია.
გარდა აღნიშნული თემებისა, მან განათლების რეფორმაც, მათ შორის, ამ რეფორმის ფარგლებში, თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებაც შეაფასა. როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, „ამ გადაწყვეტილებით, ტექნიკური უნივერსიტეტი ფაქტობრივად უქმდება, მისი გაუქმება კი საბჭოთა კავშირსაც კი არ გაუბედავს“.
„პირველ რიგში, ემსახურება კონტროლის მექანიზმის გაძლიერებას და მათ მადას, რომ ჰქონდეთ დამატებითი შენობები გასაყიდად. დაანონსებული რეფორმის კონცეფციის პირობებში, თსუ-ს ერთ-ერთი კორპუსი გადაეცა სხვა კერძო უნივერსიტეტს. თავისუფალ არჩევანს უსპობენ მომავალ თაობას. როდესაც ადამიანი წყვეტს პროფესიის მიღებას და ცხოვრებას გეგმავს, ივანიშვილის რეჟიმი აქაც ერევა. დასავლეთისგან აკადემიური სივრცის ჩამოშორება, მათ შორის, თავისუფლების გაუქმება არის გზა გრძელვადიანი მორჩილების და ყრმობის, რომელსაც ივანიშვილი ეპატიჟება“,- აღნიშნა აქუბარდიამ.