“სხემი”: ნათესავებმა დაადასტურეს ჩამოვარდნილი ილ-76-ის ეკიპაჟის სამი წევრის სიკვდილი

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტმა „სხემიმ“ დაადგინა ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის, ილ-76-ის ეკიპაჟის ექვსი წევრის ვინაობა. მინიმუმ სამი მათგანის სიკვდილი დაადასტურეს მათმა ნათესავებმა.
პროექტის თანახმად, ეკიპაჟი ეკუთვნოდა 117-ე სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო პოლკს, რომელიც ორენბურგშია განლაგებული. ნათესავებმა ჟურნალისტებს დაუდასტურეს სამი მათგანის სიკვდილი. ესენი არიან ხომალდის 36 წლის მეთაური სტანისლავ ბეზზუბკინი, ხომალდის შტურმანი ალექსეი ვისოკინი და 38 წლის ბორტინჟინერი ანდრეი პილუევი.
სოცქსელებში თანაგრძნობას გამოუხატავენ ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრის, რადისტ იგორ საბლინსკის ახლობლებს.
თვითმფრინავში ასევე იმყოფებოდნენ ავიასადესანტო აღჭურვილობის ბორტინჟინერი სერგეი ჟიტენევი და ხომალდის მეთაურის თანაშემწე გვარად ჩმირევი. მათი სიკვდილის ფაქტის დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
ჟურნალისტებმა ვერც იმის დადასტურება ვერ შეძლეს დამოუკიდებელი წყაროებით, რომ თვითმფრინავში უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ.
იმის შესახებ, რომ ილ-76-მა ავარია განიცადა, ოთხშაბათს დილით განაცხადა ს თავდაცვის სამინისტრომ. მასში, როგორც ცნობაშია ნათქვამი, იმყოფებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 სამხედრო, რომლებიც ბელგოროდის ოლქში მიჰყავდათ გასაცვლელად, ასევე ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი. ხელისუფლების ცნობით, 74-ვე ადამიანი დაიღუპა. უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ამის შემდეგ დაადასტურა, რომ 24 იანვარს ტყვეების გაცვლა უნდა შემდგარიყო.
„უკრაინსკა პრავდა“ და RBC Ukraine წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ, რომ ილ-76 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს. გამოცემათა თანახმად, თვითმფრინავს S-300 საზენიტო რაკეტები გადაჰქონდა ხარკოვის ოლქის დასაბომბად. მოგვიანებით გამოცემებმა ეს ცნობა შეცვალეს და ამოიღეს ის ნაწილი, რომელშიც საუბარი იყო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან უკრაინის შეიარაღებული ძალების კავშირზე.

ასევე დაგაინტერესებთ