გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ჩინეთს ლონდონში საელჩოს მშენებლობის ნება დართო, რომელიც ევროპაში ჩინეთის ყველაზე დიდი საელჩო იქნება.
ახალი საელჩო სამეფო ზარაფხანის ორსაუკუნოვანი შენობის ადგილას, “ლონდონის თაუერის” მახლობლად უნდა გაიხსნას.
გამოცემა Reuters-ის ცნობით, ბრიტანელი და ამერიკელი პოლიტიკოსები გაერთიანებული სამეფოს მთავრობას დიდი ხნის განმავლობაში აფრთხილებდნენ, რომ ჩინეთის ახალი საელჩო შესაძლოა, უსაფრთხოების რისკებს შეიცავდეს და ჯაშუშური საქმიანობისთვის იქნას გამოყენებული. თუმცა საელჩოს გახსნის უფლება მაინც გაიცია, რაც, ექსპერტების თქმით, ბრიტანეთის მხრიდან პეკინთან ურთიერთობების დათბობის მცდელობად აღიქმება.
ცნობისთვის, გადაწყვეტილება ჩინეთში პრემიერმინისტრი კირ სტარმერის მოსალოდნელ ვიზიტამდე გამოცხადდა. ეს 2018 წლის შემდეგ ჩინეთში გაერთიანებული სამეფოს ლიდერის პირველი ვიზიტი იქნება.
ბრიტანელი მაღალჩინოსნების თქმით, პეკინი ამ ვიზიტს საელჩოს დამტკიცებასთან პირდაპირ აკავშირებდა. ამ ფონზე ოპოზიციურმა კონსერვატიულმა პარტიამ ხელისუფლება “ლაჩრობაში” დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოება დიპლომატიურ ინტერესებს ეწირება.




