ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ “ჰამასთან” ომის დაწყების შემდეგ გუშინდელი დღე იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული, ქვეყანამ 24 ჯარისკაცი დაკარგა. ეს არის ყველაზე დიდი მსხვერპლი ერთ დღეში ისრაელის სამხედრო ძალებისთვის სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ.
მისივე თქმით, ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ისრაელი არ მიაღწევს “ტოტალურ გამარჯვებას”.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა მომხდარზე გამოძიება დაიწყეს.
“ჩვენ უნდა ვისწავლოთ საჭირო გაკვეთილები და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი მებრძოლების სიცოცხლის დასაცავად”, – დასძინა მან.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ 21 რეზერვისტი დაიღუპა აფეთქების შედეგად, რომელიც, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო ნაღმებით, რომლებიც ისრაელის ძალებმა ორ შენობაში განათავსეს მათი დანგრევის მიზნით. ისრაელმა ასევე დაადასტურა, რომ სამი ოფიცერი დაიღუპა ღაზას სამხრეთით განხორციელებული თავდასხმის შედეგად.
ვარაუდობენ, რომ პალესტინელი შეიარაღებული მებრძოლების მიერ გასროლილი რაკეტა შენობებთან ახლოს ტანკს მოხვდა.
ისრაელმა დაიწყო ომი “ჰამასის” წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც დაჯგუფების თავდასხმის შედეგად 1 300 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 250 მძევლად აიყვანეს (მათი ნაწილი ნოემბერში ზავის შედეგად გათავისუფლდა).
IDF ვებგვერდის მიხედვით, 27 ოქტომბერს ისრაელის სახმელეთო შეჭრის დაწყებიდან 217 ჯარისკაცი დაიღუპა, ჯამში, 7 ოქტომბრის შემდეგ – 545.
“ჰამასის” ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ მცირე 25 295 ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორში, მათ შორის ძირითადად ქალები და ბავშვები.