კორნელის უნივერსიტეტის ინჟინრებმა ისტორიაში ყველაზე შავი ქსოვილი შექმნეს, რომელიც მის ზედაპირზე დაცემული სინათლის 99,87 პროცენტს შთანთქავს.
იმისათვის, რათა რაღაც ულტრაშავად გადააქციო, მისი უბრალოდ საღებავში ამოვლება არ კმარა. საჭიროა მასალის სტრუქტურის ნანოსკოპურ მასშტაბზე ისე მანიპულირება, რომ მან რაც შეიძლება მეტი სინათლე დაიჭიროს.
ამ შემთხვევაში, კორნელის მკვლევრებმა თეთრი მერინოსის ცხვრის შალის ქსოვილი შეღებეს სინთეტიკური მელანინის პოლიმერით, სახელად პოლიდოპამინი. შემდეგ ის პლაზმის კამერაში მოათავსეს და ამოჭრეს სტრუქტურები, რომლებსაც ნანოფიბრილები ეწოდებათ — არსებითად, ეს არის პაწაწინა ბოჭკოები, რომლებიც სინათლეს იჭერენ.
„უკან არეკვლის ნაცვლად, სინათლე წინ და უკან სხლტება ფიბრილებს შორის — სწორედ ეს წარმოქმნის ულტრაშავ ეფექტს“, — ამბობს კორნელის უნივერსიტეტის ქსოვილების მეცნიერი და დიზაინერი ჰანსადი ჯაიამაჰა.
სტრუქტურის შთაგონება გახდა ე. წ. სამოთხის ჩიტი, სახელად დიდებული პტილორისი (Ptiloris magnificus). ეს ფრინველები ახალ გვინეასა და ჩრდილოეთ ავსტრალიაში ბინადრობენ და მამრები გამოირჩევიან მოცისფრო-მომწვანოდ მოელვარე მკერდით, სხეულის დანარჩენ ნაწილზე კი ულტრაშავი ბუმბულით.
მათ მიერ შექმნილმა მასალამ ზოგიერთ ასპექტში ფრინველის ულტრაშავს აჯობა. ჩიტი ყველაზე შავი ჩანს პირდაპირ შეხედვისას, მაგრამ კუთხიდან ამრეკლავი ხდება. კორნელის მკვლევართა მიერ შექმნილი მასალა კი სინათლის შთანთქმის უნარს ნებისმიერი მხრიდან 60-გრადუსიანი კუთხიდან შეხედვისასაც ინარჩუნებს.
ეს შთამბეჭდავი ქსოვილი მხოლოდ ლაბორატორიით არ შემოიფარგლება — კორნელის მოდის დიზაინერმა ზოე ალვარესმა თანდათან გაშავებადი ქსოვილისგან შეკერა კაბა, რომელზეც ულტრაშავი ქსოვილი ცენტრალურ ლურჯ-მწვანე ფერებს აკრავს გარშემო, სამოთხის ჩიტის პატივსაცემად.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ქსოვილი არ არის კაცობრიობის მიერ შექმნილი ყველაზე შავი მასალა, ახლოს ნამდვილად არის. განსაცვიფრებელი მასალა, სახელად Vantablack-ი მასზე დაცემული სინათლის 99,96 პროცენტს შთანთქავს. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრებმა კი შექმნეს ნახშირბადის ნანომილაკები, რომლებმაც Vantablack-ი დაჯაბნა — ის სინათლის 99,995 პროცენტს შთანთქავს.
თუმცა, ამ მასალების წარმოება რთული და ძვირია. ავტორების განცხადებით, ახალი მასალა შედარებით ადვილი და იაფი საწარმოებელია.
კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.
პირველი არხი




