„მარტო შეზღუდვით ვერ მოხდება დარგის გაჯანსაღება“, – ასე ეხმაურება ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას კომერციული მიზნით ვენახების გაშენებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს.
შეგახსენებთ, 2026 წლის 1-ელი მარტიდან კომერციული ვენახის გაშენებაზე ნებართვის აღება იქნება სავალდებულო. თუ აქამდე სამეწარმეო ვენახის გაშენებისთვის მხოლოდ ნებადართული ვაზის ჯიშების გამოყენება იყოს საკმარისი, კანონის ამოქმედების შემდეგ, საჭირო იქნება ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობაც. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ვენახების გაშენება არ უნდა იყოს სპონტანური. მისივე თქმით, მომავალი წლის რთველზე გაჩნდება ახალი ფასი – ყურძენი, რომელიც იქნება 17%-ზე დაბალი შაქრიანობის, ჩაბარდება გაცილებით იაფად.
„არსებობს პრაქტიკა მსგავსი რეგულაციების შემოღების, თუმცა მთავარი პრობლემა, რის აღკვეთასაც ცდილობს სახელმწიფო, არის ყურძნის ჭარბწარმოება, თან ეს ჭარბი წარმოება არის დაბალი ხარისხის. მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო, რათა პრობლემები აღმოიფხვრას და ეს ერთიანი პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს. ფასის სუბსიდირება იწვევს ჭარბწარმოებას, ფერმერი ორიენტირებულია იმაზე, რომ აწარმოოს ბევრი და ხარისხზე და მის გასაღებაზე არ ფიქრობს. ეს იწვევს სწორედაც იმ სიტუაცია, რაშიც დღეს ქართული მევენახეობაა – ხდება ჭარბწარმოება, მისი შემსყიდველი არ არის და სახელმწიფოს უწევს რომ თავად შეიძინოს. რამდენიმე ათეული წლის წინ ევროკავშირის ქვეყნები გადავიდნენ სხვა ტიპის პოლიტიკაზე, რომელიც ახალისებს მევენახეებს, მაგრამ არ ახალისებს დაბალი ხარისხის და ჭარბი წარმოების პროდუქტს“, – ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი.
ამასთანავე, რესპონდენტი აღნიშნავს, რომ ყურძნის სუბსიდირების შეჩერება, ისევე როგორც დაანონსებული ცვლილებები, ჭარბი წარმოების პრობლემას ვერ აღმოფხვრის. მისი თქმით, საჭიროა ეტაპობრივად არსებული მიდგომების მოდიფიცირება.
„სუბსიდიის შეჩერება კიდევ უფრო დიდ პრობლემებს გამოიწვევს, იქიდან გამომდინარე, 20 წელია სუბსიდია არსებობს და მთელი ინდუსტრია გადაწყობილია ამაზე. ხელაღებით სუბსიდირებიდან გამოსვლა ვერ მოხდება, ვფიქრობ, ეტაპობრივად გადასვლა და მოდიფიკაცია უნდა განხორციელდეს. მაგალითად, ევროკავშირში მოხდა არა კილოგრამი ყურძნის სუბსიდირება, არამედ ჰექტრის სუბსიდირებაზე, თუმცა, ამაში ჩადებულია რიგი პირობები და წამახალისებელი ფაქტორები. მაგალითად, ვინც გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს, ან არის ახალგაზრდა ფერმერი, მას მეტი თანხა გამოეყოფა.
„მარტო შეზღუდვით ვერ მოხდება დარგის გაჯანსაღება“
მსოფლიოში არაერთი გამოცილება არსებობს ამ კუთხით. ჩვენზე განვითარებულია ბევრი ქვეყანა, მათი გამოცილების შესწავლა, გაანალიზება და ქართულ რეალობაზე მორგება არის მნიშვნელოვანი. მესმის რომ, მათ შორის ევროპული პრაქტიკაა გაშენების შეზღუდვა და რეგულაციების დაწესება, თუმცა, თუ არ მოხდა იმ ფასის სუბსიდირების პოლიტიკის გადახედვა, მარტო შეზღუდვით ვერ მოხდება დარგის გაჯანსაღება. კი კარგია, რომ გარკვეულწილად დარეგულირდება უკონტროლო გაშენება, უკეთესი სანერგე მასალების გამოყენება მოხდება, მაგრამ ბევრი სხვა გამოწვევა არსებობს, რომელთა გადაჭრაც წინმსწრებად თუ არა, პარალელურად უნდა მიდიოდეს“, – დასძინა მან.
ამასთანავე, რატი კოჭლამაზაშვილს ვკითხე, დაანონსებული ცვლილებები არათანაბარ პირობებში ხომ არ ჩააყენებს იმ ფერმერებს, რომლებიც ახლა აპირებენ კომერციული მიზნით ვენახების გაშენებას.
„ღვინის ეროვნულ სააგენტოს ევალება რომ შეიმუშაოს ის წესი, თუ როგორ უნდა მოხდეს რეგულირება, ეს ყოველივე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ჩაიდება ამ დოკუმენტში. უფასო იქნება ლიცენზიის მიღებაო, გასაგებია რომ უფასო იქნება, მაგრამ რა მოთხოვნები იქნება, ეს არის მნიშვნელოვანი. ამის მოთხოვნების ჩამოყალიბების შემდეგ გვეცოდინება, ეს რეგულაციები ამ მიმართულებით შემზღუდავია თუ არა ფერმერს. შესაძლოა, იყოს ერთი ბიუროკრატიული ნაწილი – განაცხადის შეტანა და მასზე პასუხი, მაგრამ შესაძლოა, იყოს რთული პირობები, რომელთა დაკმაყოფილებაც გაუჭირდება ფერმერს. აქედან გამომდინარე, ჯერ რთულია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ჩაიდება წესში და რამდენად შეუშლის ეს ხელს ახალი ვენახების გაშენებას“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას რატი კოჭლამაზაშვილმა.




