100 ლარი არასწორ დგომაზე ბათუმში?- მძღოლები ჯარიმებსა და პარკირების კრიზისზე

„ვტაქსაობ და კლიენტს ველოდებოდი ბინასთან, რადგან პარკინგზე თავისუფალი ადგილი არ იყო. ჩამოვიდა მგზავრი, ჩავისვი და წავედი. მალევე 100-ლარიანი ჯარიმა მომივიდა. ეს 18 დეკემბერს. ჯარიმა მომივიდა წინა დღითაც – 50 ლარი“, – გვიყვება დავითი, რომელიც ოჯახს ტაქსაობით არჩენს, მაგრამ ჯარიმების მასშტაბი და რაოდენობა აფიქრებს, რომ მალე სრულიად ხელცარიელი დარჩება, მით უფრო, რომ ჯარიმები იზრდება, ხოლო საპარკინგე ადგილები ბათუმში „ბრძოლით“ არის მოსაპოვებელი.
შს სამინისტროს ინიციატივით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვით, საგზაო უსაფრთხოების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება.
ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით.
საკანონმდებლო ცვლილება ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არ არის, თუმცა მოსალოდნელ ჯარიმებს უკვე მოჰყვა ავტომანქანის მფლობელთა უკმაყოფილება – მათი თქმით, ჯარიმები იზრდება, საპარკინგე ადგილების რაოდენობა კი არა.
წელს ს მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, მარტო ექვს თვეში, 46 948 სამართალდარღვევა დააფიქსირა ქალაქში. აქედან 4 288 შემთხვევა დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევაზე მოდის. ამავე პერიოდში, ევაკუაციით საჯარიმოზე გადაიყვანეს 3177 ავტომობილი.
საპარკინგე ადგილების პრობლემა ბათუმში.
„ბათუმელები“ ავტომობილის მფლობელებს ესაუბრა და ჰკითხა, რას ფიქრობენ ჯარიმების დაანონსებულ ზრდაზე და რა შეიძლება გაკეთდეს ქალაქში საპარკინგე ადგილების დასამატებლად?
„აქვე მქონდა პატარა საქმე და გავაჩერე. პარკინგზე რომ გავაჩერო, სადღაც ანგისის სტადიონამდე მიწევს მისვლა“, – გვეუბნება ზაზა ცხოიძე, რომელსაც „ვოქსის“ გვერდით წრიულთან ჰყავდა ავტომობილი გაჩერებული.
მისი თქმით, პატრულმაც იცის, რომ ქალაქში საპარკინგე ადგილები არ არის და ცდილობენ ლოიალობა გამოიჩინონ.
„ახლაც არასწორად ვდგავარ, მაგრამ საავარიო სიტუაციას არ ვქმნი და ამის გამო ალბათ დამინდობენ. ქალაქი ისეა გადატვირთული, რომ მანქანას ვერ გააჩერებ. ნახეთ, რამდენი კორპუსია ამ მონაკვეთში. ეს კორპუსები 15 წელია აშენდა და არცერთს არ აქვს პარკინგისთვის ადგილი. კორპუსიდან რომ გამოხვალ, პირდაპირ ბორდიურები იწყება და სად უნდა გააჩერო მანქანა?
პრობლემა მაშინ მოგვარდება, როცა მერია არ გასცემს მშენებლობის ნებართვას, თუ პროექტში გათვალისწინებული არ არის პარკინგის ადგილი. პირველ რიგში, ეს საკითხია მოსაგვარებელი“, – ამბობს ზაზა ცხოიძე.
„პრობლემა მაშინ მოგვარდება, როცა მერია აღარ გასცემს მშენებლობის ნებართვას ისეთ პროექტებზე, სადაც პარკინგი გათვალისწინებული არ არის“ – მოქალაქე.
მისი თქმით, პრობლემას ქმნის ისიც, რომ არსებულ პარკინგებზე ბევრი ავტომობილი რამდენიმე დღე აყენია და სხვა მძღოლებს აღარ ეძლევათ დაპარკინგების საშუალება.
„ზოგი ორი დღით ტოვებს მანქანას. ეს უკვე პრობლემაა, რადგან ამ უბანში თუ ცხოვრობს ადამიანი, ვეღარ აჩერებს მანქანას. ასე გავიგე, თითქოს მერიამ გაამკაცრა წესები და აწი აღარ გასცემს მშენებლების ნებართვებს უპარკინგო პროექტებზეო. ვნახოთ“, – გვეუბნება ზაზა ცხოიძე.
კობალაძის ქუჩის კუთხეში ჰყავს გაჩერებული ავტომანქანა მალვინა დიასამიძეს, რომელიც ასევე საუბრობს პარკირების პრობლემაზე.
„პრობლემაა ყველა კუთხეში, ყველგან. ხშირად, მანქანა სადმე რომ გავაჩერო, 3-4 წრე უნდა დავარტყა. თუ არ არის ადგილი და აუცილებლად გვიწევს გაჩერება, რა თქმა უნდა, ვაჩერებთ და ვარღვევთ. ეს 100-ლარიანი ჯარიმაც არ არის ზომიერი, როცა მანქანის გასაჩერებელი ადგილი არ არის ქალაქში.
ჩემმა მეუღლემ გააჩერა შშმ პირების პარკინგზე, რადგან არსად არ იყო ადგილი და 200 ლარით დააჯარიმეს“, – ამბობს მალვინა დიასამიძე.
პარკირების პრობლემაზე საუბრობს ლაშა მოისწრაფიშვილიც.
„ხედავთ, რომ გასაჩერებელი ადგილი არ არის. აი, ახლაც, რომ გამოიაროს პატრულმა დამაჯარიმებს. მე დისტრიბუტორი ვარ და ვალდებულება მაქვს, ნივთი მივუტანო პატრონს ადგილზე, მაგრამ კორპუსის ეზო ჩაკეტილია, არ გვიშვებენ, პარკინგზე ადგილი არ არის და მიწევს მანქანის არასწორად გაჩერება.
ალტერნატივა არ არსებობს. ეს ჯარიმები, რა თქმა უნდა, ტვირთად გვაწვება მძღოლებს, ისეთი თვე არ არის, 300-400 ლარი ჯარიმა არ გადავიხადო. გასაპროტესტებელია, რა თქმა უნდა“, – ამბობს ლაშა მოისწრაფიშვილი.
მძღოლების თქმით, ჯარიმების გამკაცრებამდე მერიამ პარკინგის პრობლემის მოგვარებაზე უნდა იზრუნოს.
იურა ჭაღალიძეს მიკროავტობუსი საპარკინგე ადგილზე ჰყავს გაჩერებული და ვაჭრობს. ამბობს, რომ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, მაღალსართულიან კორპუსში ცხოვრობს და პარკინგის საფასურიც გადახდილი აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თავისუფალი ადგილი ყოველთვის დახვდება აქ.
„60 ლარი გადავიხადე პარკინგში, მაგრამ რადგან ადგილების პრობლემაა, ჩემი მეორე ავტომობილი აქედან შორს, ადლიაში მყავს გაჩერებული. პარკინგის კრიზისია. საფასური რომც გადაიხადო, მანქანას ვერ აჩერებ.
კორპუსში, სადაც ვცხოვრობ, ეზო გვაქვს, მაგრამ 800 ოჯახი ცხოვრობს და მანქანის ადგილი არის 30 მხოლოდ. აი, ეს საკითხია მოსაგვარებელი“, – ამბობს იურა ჭაღალიძე.
ლაშა ფერსელიძე ზუბალაშვილის ქუჩაზე ჩავწერეთ. ამბობს, რომ პირველი 100-ლარიანი ჯარიმა უკვე მიიღო მხოლოდ იმიტომ, რომ მანქანა რამდენიმე წამით გააჩერა არასწორ ადგილზე.
„ამხელა ჯარიმები არასამართლიანია – ქალაქში ავტომანქანები ბევრია, გასაჩერებელი ადგილი კი ნაკლები. პარკირების გამო ყოველდღე რომ ჯარიმა გამოგვიწერონ, ამის გადახდას ვერავინ შეძლებს“, – გვეუბნება ის.
„1000 ლარის ჯარიმა მაქვს უკვე საბარგულში. ვერ ვიხდი, მერე ალბათ გადავლენ მანქანის ყადაღაზე. რა თქმა უნდა, მძღოლებიც ვაშავებთ და უნდა დავჯარიმდეთ, როცა არასწორად ვაჩერებთ მანქანას, მაგრამ 100-ლარიანი ჯარიმა რა ამბავია, როცა პარკინგის ადგილი არაა“, – გვეუბნება მოქალაქე, რომელიც ვინაობას არ ამხელს „ზედმეტი თავის ტკივილის“ მოტივით.
ნაგვის ურნები ავტობუსის გაჩერებაზე ბათუმში.
მაღალი ჯარიმების მომხრეა თენგო ცინცაძე. მას ძველ ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ვესაუბრეთ. ამბობს, რომ სახელმწიფოსთან პრეტენზიები არ აქვს, რადგან „რა ქნას მერიამ“, თუ ქალაქში ბევრი ავტომანქანა მოძრაობს?
„პრობლემა არა პარკინგების ნაკლებობაში, არამედ ბევრი ავტომანქანის არსებობაშია“, – გვეუბნება ის.
მისი აზრით, როცა მანქანა ბევრია, ჯარიმაც ბევრი იქნება.
„არის პარკინგებიც, უბრალოდ, მანქანებია ბევრი. მეც არაერთხელ გამიჩერებია მანქანა არასწორად და დაჯარიმებულიც ვარ, მაგრამ ვეთანხმები ამ ჯარიმებს, 200-ლარიანი რომ იყოს უკეთესია. არც ახლა დგას ჩემი მანქანა სწორად და თუ ჩამოივლის პატრული, დამაჯარიმებს. ეს ჩემი ბრალი იქნება და არა პატრულის ან სახელმწიფოსი“, – გვეუბნება თენგო ცინცაძე.
batumelebi.netgazeti.ge