-სარფის ახალი გზის მშენებლობის ტენდერში წინადადებების მიღების ვადა გადაწიეს

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 2026 წლის 20 იანვრამდე გადაწიეს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა -სარფის გზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი 2025 წლის 5 ნოემბერს გამოაცხადა და წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 2025 წლის 22 დეკემბერი იყო.
„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გატყობინებთ, რომ ბათუმი-სარფის გზის პროექტი, ბათუმი-სარფის გზის მშენებლობა სატენდერო მოწვევაში განხორციელდა შემდეგი ცვლილება: სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 20 იანვარი 16:00 სთ [თბილისის დროით].“ – წერია გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე. დეპარტამენტი ვადის გადაწევის მიზეზს არ უთითებს.
ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გზების დეპარტამენტი კონსულტანტებსაც იწვევს. განსახლების გარე მონიტორინგის, გარემოს დაცვისა და პროექტის განხორციელების ადგილობრივი სპეციალისტების მომსახურებაზე ინტერესების გამოსახატად კი განცხადებები ჰქონდა გამოქვეყნებული.
ვრცლად: ბათუმი-სარფის გზის მშენებლობა – დეპარტამენტი განსახლებისა და სხვა სკითხებში კონსულტანტებს იწვევს
ბათუმი-სარფის გზის მშენებლობის პროექტი განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გრძელვადიანი სესხის მოცულობა 306,6 მილიონი ევროა.
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ბათუმი-სარფის პროექტისთვის 68 მილიონი ლარია გაწერილი. [2026-2029 წლების კაპიტალური ბიუჯეტის დანართის მიხედვით კი, ბათუმი-სარფის გზისთვის ჯამში 895 მილიონი ლარია გაწერილი შემდეგნაირად: 2025 წელს – 35 მილიონი, 2026 წელს – 160 მილიონი, 2027 წელს – 200 მილიონი, 2028 წელს – 250 მილიონი და 2029 წელს – 250 მილიონი ლარი].
ბათუმი–სარფის გზის პროექტი ითვალისწინებს 11.3 კმ-იანი ორზოლიანი გზის, 7.6 კმ სიგრძის გვირაბის და 3 ხიდის, აქედან 1.47 კმ სიგრძის ვიადუკისა და 500 მ სიგრძის ზღვის ნაპირის გასამაგრებელი ნაგებობის მშენებლობას.
ახალი გზა დაიწყება ქალაქის სამრეწველო ზონაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირთან [სადაც სპეციალური საგზაო კვანძით დაუკავშირდება ბათუმის შემოვლით გზას]; აშენდება ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე; ახალი ხიდიდან გზა გაგრძელდება ახალსოფლისა და ჭარნალის ტერიტორიაზე და 7,6-კილომეტრიანი გვირაბით გამოვა სარფში [ანდრიას ჩანჩქერის მიმდებარედ], სადაც დაუკავშირდება სარფი-ბათუმის არსებულ გზას – აქ დაგეგმილია ზღვის სანაპიროს გამაგრება.
„ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო დაპირებით ბათუმი[ჭოროხი]-სარფის[თურქეთის საზღვარი] გზა კარგა ხნის აშენებული უნდა იყოს. სატენდერო მოწვევის დოკუმენტის მიხედვით კი, ამ გზის მშენებლობისთვის დაახლოებით 4 წელია გათვლილი [1 440 დღე – ხელშეკრულების გაფორმებიდან], ხოლო მომდევნო დაახლოებით 3 წელი [1080 დღე] – „დეფექტების შეტყობინების პერიოდი“ იქნება.
batumelebi.netgazeti.ge