პლაჟის აღსადგენად 2 მილიონია გამოყოფილი, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ს სანაპიროზე ხრეში ჯერ კიდევ არ შეუტანიათ

ბათუმის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვებისთვის 2025 წლის ბიუჯეტში 2 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა სამუშაოები არ შესრულებულა.
პროგრამა – „პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები“- აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უნდა განეხორციელებინა.
რატომ არ შეიტანეს ხრეში პლაჟზე? – ამ კითხვით „ბათუმელები“ სამინისტროს დაუკავშირდა.
„მიმდინარე წლის ბიუჯეტით დაგეგმილი ნაპირდაცვის, სანაპირო ზოლის კვების სამუშაოების პროექტი დამუშავდა. დადგენილი პროცედურებისა და წესის შესაბამისად, ახლო მომავალში იგეგმება ტენდერის გამოცხადება და დარგის ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაბამისი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, სამუშაოები განხორციელდება გაზაფხულზე“ – მოგვწერეს სამინისტროდან.
პროექტი, რაზედაც სამინისტრომ მიგვითითა, 2025 წლის 8 მაისს უკვე მზად იყო და 22 მაისს მასში 12 ათას 900 ლარი გადაიხადეს. ეს პროექტი გარემოს სამმართველომ ტენდერში გამარჯვებულ შპს „ქოსთ დიზაინისგან“ შეისყიდა.
ანუ, პროექტის „დამუშავებიდან“ დღემდე 7 თვე გავიდა და სამმართველოს სამუშაოებზე ტენდერი კვლავ არ გამოუცხადებია.
პროგრამის მიხედვით კი, დეკემბრის ბოლომდე სამმართველოს პროექტიც უნდა შეესყიდა, სამუშაოებიც უნდა შეესრულებინა და ამ სამუშაოებზე ზედამხედველიც უნდა შეერჩია.
„პროგრამა ითვალისწინებს… მდინარის კალაპოტში არსებული კარიერებიდან პლაჟწარმომქმნელი ნატანის ტრანსპორტირებას და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე შესაბამის უბნებში რეცხვადი ბერმის მოწყობის სამუშაოებს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოებისა და სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა“ – წერია 2025 წლის ბიუჯეტით დამტკიცებულ პროგრამაში.
ამის მიუხედავად „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვის“ დოკუმენტში წერია, რომ „პროგრამის – პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 20,0 ათას ლარს, შესრულებამ შეადგინა 12,9 ათასი ლარი. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ქალაქ ბათუმში ზღვის სანაპირო ზოლის ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების [არსებული რეცხვადი ბერმის რეკონსტრუქცია] საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვა, საკასო ხარჯმა შეადგინა 12,9 ათასი ლარი. გეგმასა და ფაქტს შორის სხვაობა წარმოადგენს ტენდერის გამოცხადების შედეგად წარმოქმნილ ეკონომიას. პროგრამის შესრულების პროცენტი: 64,5%“.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან კი დღეს, 2025 წლის 18 დეკემბერს მოგვწერეს, რომ „ახლო მომავალში იგეგმება ტენდერის გამოცხადება“, ხოლო სამუშაოები 2026 წლის გაზაფხულზე ჩატარდება.
სამინისტროს პასუხიდან გამოდის, რომ 2026 წლის გაზაფხულზე პლაჟზე ხრეშს 2025 წლის პროგრამის ფარგლებში შეიტანენ. ეს უკვე მრავალწლიანი პროგრამაა, თუმცა შესაბამისი ცვლილება აჭარის 2025 წლის ბიუჯეტის კანონში ასახული არ არის. წინა წლის პროგრამის გაგრძელებაზე არაფერი წერია 2026 წლის ბიუჯეტის პროექტშიც, სადაც ანალოგიური პროგრამა ცალკეა გაწერილი და ისევ 2 მილიონი ლარითაა დაფინანსებული.
აჭარის 2026 წლის ბიუჯეტი აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ 18 დეკემბერს დაამტკიცა.
„პროგრამა პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები ითვალისწინებს… მდ. ჭოროხის კალაპოტში არსებული კარიერიდან პლაჟწარმომქმნელი ნატანის ტრანსპორტირებას და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე წინა წლებში მოწყობილი რეცხვადი ბერმის რეკონსტრუქციის სამუშაოებს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოებისა და სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა“ – წერია აჭარის 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში.
აჭარის 2024 წლის ბიუჯეტიდან პლაჟის ხელოვნური კვებისთვის [ახალ ბულვართან ხრეშის შეტანაში] 1 208 883 ლარი დაიხარჯა.
2025 წელს ხრეშის შეტანაში ფული ბიუჯეტიდან აღარ დახარჯეს. არადა, ხრეშის შეტანა ს სანაპირო ზოლში პლაჟების ხელოვნურად შექმნა-შენარჩუნებისთვის აუცილებელია როგორც ახალი ბულვარის, ასევე გამწმენდი ნაგებობის, აეროპორტის ასაფრენი ზოლის, ქვანაყარი ბერმის მიმდებარედ, მახინჯაურში და სხვა ადგილებში.
„ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც სამი წლის წინ აჭარის მთავრობის დაკვეთით მომზადდა.
აჭარის მთავრობიდან, ასევე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და ბათუმის მერიიდან „ბათუმელებს“ დღემდე არ აქვს პასუხი კითხვაზე – დაწყებულია თუ არა მუშაობა ზღვისგან დაცვის ახალ სტრატეგიაზე.
batumelebi.netgazeti.ge