საქართველოს უნივერსიტეტსა (UG) და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს (The George Washington University, აშშ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმება საქართველოს უნივერსიტეტისთვის წარმოადგენს სტრატეგიულ ნაბიჯს საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციისათვის. აღნიშნული თანამშრომლობა არა მხოლოდ აძლიერებს უნივერსიტეტის პოზიციებს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, არამედ მკაფიოდ ასახავს მის ამბიციას – გახდეს რეგიონში განათლების, კვლევისა და ინოვაციების ჰაბი.
საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა პირველია რეგიონში, რომელიც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობით შეიმუშავებს საერთო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს განათლების მიმართულებით. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების დანერგვას, კვლევაზე დაფუძნებული სწავლების გაძლიერებასა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების ინტეგრირებას ქართულ აკადემიურ სივრცეში.
თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს მრავალმხრივ და გრძელვადიან პარტნიორობას. სტუდენტებისთვის ეს თანამშრომლობა ქმნის რეალურ შესაძლებლობებს ჩაერთონ ერთობლივ კვლევით პროექტებში, მონაწილეობა მიიღონ საზაფხულო სკოლებსა და გაცვლით პროგრამებში, დაამყარონ პროფესიული კავშირები საერთაშორისო აკადემიურ სივრცესთან, ხოლო პროფესორ-მასწავლებლებისთვის ეს არის აკადემიური ზრდისა და პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობა.
მემორანდუმის გაფორმებისთანავე დაიგეგმა პირველი მნიშვნელოვანი ვიზიტი – 2026 წლის იანვარში, ჯორჯ ვაშინგტონის დელეგაცია საქართველოს უნივერსიტეტს ეწვევა. დელეგაციას პროფ. ლაიონელ ჰოვარდი უხელმძღვანელებს, რომლიც სხვა პროფესორებთან ერთად, ჩაერთვება განათლების საერთო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემუშავებაში. თანამშრომლობა მხოლოდ პროგრამების შემუშავებით არ შემოიფარგლება. 2026 წელს (8-12 მაისი), ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რევაზ ტაბატაძე მიწვეულია ამერიკის განათლების კვლევების ასოციაციის (AERA) ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება ლოს ანჯელესში და საქართველოს უნივერსიტეტისათვის გამოყოფილი იქნება ცალკე სამუშაო სივრცე. ამერიკის განათლების კვლევების ასოციაციის (AERA) ყოველწლიური შეხვედრა არის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული ფორუმი განათლების კვლევების სფეროში, სადაც თავს იყრიან წამყვანი უნივერსიტეტები, მკვლევრები და, ზოგადად, საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციები.
აღნიშნულ საკითხზე საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, რევაზ ტაბატაძე გვესაუბრა.
„AERA-ს შეხვედრაზე მონაწილეობა გვაძლევს შესაძლებლობას წარმოვაჩინოთ საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური და კვლევითი პოტენციალი საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე, დავამყაროთ ახალი კავშირები უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან, გავზარდოთ ჩვენი პროგრამების საერთაშორისო ხილვადობა და ჩავერთოთ გლობალურ დისკუსიებში განათლების პოლიტიკის, ხარისხის, მართვისა და ინოვაციების მიმართულებით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩვენი თანამშრომლობის მხოლოდ დასაწყისია და სამომავლოდ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს“, – აღნიშნავს რევაზ ტაბატაძე.
საქართველოს უნივერსიტეტი აღნიშნულ პარტნიორობას განიხილავს, როგორც სტრატეგიულ ნაბიჯს, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს განათლების ხარისხის ამაღლებას, კვლევითი პოტენციალის განვითარებასა და ქვეყნის აკადემიური სისტემის საერთაშორისო აღიარებას.
(R)




