ბარკალაიას სახლის დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებული პირი პოლიციას უმოწყალოდ ცემაში ადანაშაულებს

ბიზნესმენ გელა ბარკალაიას სახლში ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ორი ადამიანიდან ერთ-ერთი გორის მერიაში მძღოლად დასაქმებული პირი აღმოჩნდა, რომელიც პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს.
ტვ პირველის ინფორმაციით, მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, სადაც დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება განიხილება, დაკავებულმა ლაშა მეტრეველმა თქვა, რომ ღამით საკუთარ სახლში აიყვანეს და მისგან აღიარების მოპოვების მიზნით, განყოფილებაში სცემეს.
„არ ვაღიარებ დანაშაულს. საერთოდ არ ვყოფილვარ ადგილზე. სახლში დამაკავეს, გორში, სოფელ ფლავში. ღამის 11 საათზე მოვიდნენ პოლიციელები და წამომიყვანეს მცხეთის განყოფილებაში. ვეუბნებოდი რომ არ ჩამიდენია დანაშაული. არავინ მიცემია-მეთქი. ამის შემდეგ დამიწყეს რტყმა თავში, შუბლში, თვალებში, კისერზე. მეორემ აღიარა და შენც უნდა აღიაროო. არ ვიცი სახელები, ვინ იყვნენ. 10-მდე პოლიციელი მედგა თავზე და 3 უმოწყალოდ მცემდა თითქმის მთელი ღამე“, — თქვა პროცესზე მეტრეველმა.
მეტრეველი წარსულში ნასამართლევია. მის გარდა, ყაჩაღობის ბრალდებით, დაკავებულია ასევე წარსულში ნასამართლევი 1968 წელს დაბადებული გ.ჯ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში ბრალდებულები თავს დაესხნენ საცხოვრებელ სახლში მარტო მყოფ, 1956 დაბადებულ ვ.ხ.- ს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა მოსთხოვეს. ვ.ხ.-ს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება და შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი“, — ნათქვამი იყო -ს განცხადებაში.
მოგვიანებით ინფორმაცია ყაჩაღობის შესახებ გელა ბარკალაიამაც დაადასტურა, მიმართვა გაავრცელა და -ს მადლობა გადაუხადა.
„ამერიკულ ფილმებში მეგონა თავი, რომ ვუყურებდი ამ ახალგაზრდა ბიჭების მუშაობას. […] საქართველოს ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, მინისტრი, როგორც ასეთი, ჩეკისტი, ნამდვილი პოლიციელი, პოლიციელის ოჯახიდან, არ ჰყოლია. გეკა გელაძე რომ დაინიშნა შს მინისტრად, დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ბევრ კარგ საქმეს გააკეთებდა. […] ეს ადამიანი არის ნამდვილი ჩეკისტი, ნამდვილი პროფესიონალი“, — აცხადებს გელა ბარკალაია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს (ყაჩაღობა ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით), რაც 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.