აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დროებითი საბიუჯეტო კანონი მიიღო, რითაც თავი კონგრესმენებმა ფედერალური მთავრობის მუშაობის შეწყვეტას თავი აარიდეს. კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში ხმათა 314-108-ზე გადანაწილებით მიიღეს, რის შემდეგაც იგი ხელმოსაწერად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნა. მანამდე, სენატმა აღნიშნული საბიუჯეტო კანონი ხმათა 77-18-ით დაამტკიცა.
წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტის მიღებას, დემოკრატებთან ერთად, რესპუბლიკელი კონგრესმენების დაახლოებით ნახევარმა დაუჭირა მხარი, თუმცა, ძირითადი წინააღმდეგობა უფრო ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრე “თავისუფლების კოკუსის” წევრი რესპუბლიკელებისგან წამოვიდა.
დროებითი ბიუჯეტის ხარჯვის კანონი კონგრესმენებს მარტის დასაწყისამდე აძლევს დროს, რათა მოლაპარაკებების შედეგად ორივე მხარისთვის მისაღებ ბიუჯეტზე შეჯერდნენ. იანვრის დასაწყისში აშშ-ს კონგრესი წლიური ბიუჯეტის ზედა ზღვარზე შეთანხმდა, რაც $1.66 ტრილიონი იქნება, თუმცა, კამათის საგნად უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების საკითხი კვლავ რჩება.
რესპუბლიკელები ითხოვენ, რომ უკრაინის დახმარება აშშ-მექსიკის საზღვარზე შექმნილი კრიზისის გადაჭრის საკითხს უნდა გადაებას. ამ მხრივ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი რადიკალი რესპუბლიკელი კონგრესმენებისგან წამოსული წნეხის ქვეშაა, ვინაიდან მისი წინამორბედი კევინ მაკკართი, სწორედ დემოკრატებთან მათთვის მიუღებელი შეთანხმების დადების გამო გადააყენეს.
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და საზღვრის უსაფრთხოებისთვის კონგრესს $110 მილიარდის მოთხოვნა გაუგზავნა.