“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დაშლისას წყლის ჭავლში “გარეული” იყო გარკვეული ნივთიერება. თუმცა, კიდევ ერთხელ უარყოფს, რომ ეს იყო ნივთიერება „კამიტი“.
“ნივთიერება იყო გარეული, მთავარია იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული” – თქვა კობახიძემ დღეს, 3 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. კობახიძის განმარტებით, ქიმიური აგენტი “კამიტი”, რის შესახებაც ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის, BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაშია საუბარი, “შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა ფაქტი, რომ არათუ გამოყენებულა ეს ნივთიერება, არც არასოდეს შეუძენია შსს-ს, მათ შორის არც ნაცმოძრაობის რეჟიმის პირობებშიც. ეს არის ის, რაც შეიძლება ითქვას. დანარჩენი, მიმდინარეობს გამოძიება, ამ გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ყველა დეტალი ფხვნილთან დაკავშირებით იქნება გასაჯაროებული”.
“წესით შსს-ს უნდა გადაემოწმებინა თუ რა ნივთიერება შეიძინა ვანო მერაბიშვილმა 2009 წელს”
ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა იმის გამორიცხვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქციის დაშლისას არ გამოუყენებია „სხვა აკრძალული ნივთიერებები კონკრეტული კოდის ქვეშ“, მან უპასუხა:
“მე ასე მგონია, იმიტომ, რომ სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაამოწმებდა იმ ინფორმაციას, რა ტიპის ფხვნილი შეიძინა თავის დროზე ვანო მერაბიშვილმა (შინაგან საქმეთა მინისტრი ნაციონალური მოძრაობის მთავრობაში). თუმცა ეს ჩემი ვარაუდია, ჯობია დავაელოდოთ გამოძიებას და მის შედეგებს… წესით შსს-ს უნდა გადაემოწმებინა თუ რა ნივთიერება შეიძინა ვანო მერაბიშვილმა 2009 წელს”.
შეკითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს ამ შემთხვევაში, კობახიძემ თქვა, რომ ამაზე გამოძება გასცემს პასუხს “იმის მიხედვით, თუ რა არის სინამდვილე. თუ ვინმეს პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, თეორიულად გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილის, – თუ ასეთი ფხვნილი შეუძენია, თუ ასეთი რამ დადგინდება”.
“როცა წყალი წვავს” – BBC-ის გამოძიება
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, BBC-მ მოიპოვა 2019 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია გდდ-ში (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში) არსებული ინვენტარი. ამ დოკუმენტში მითითებულია ორი ქიმიკატი და ინსტრუქცია, როგორ უნდა შეურიონ ისინი წყალს:
· „ქიმიური სითხე UN 1710“;
· „ქიმიური ფხვნილი UN 3439“.
გამოცემის თანახმად, მათ „არაერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა“ ამ დოკუმენტის ნამდვილობა და გარემოება, რომ ეს ორი დასახელების ნივთიერება გამოიყენებოდა.
BBC-მ მათი იდენტიფიცირება მოახდინა:
· UN1710 — ეს არის ტრიქლორეთილენი (TCE), – „გამხსნელი“, რომელიც სხვა ნივთიერებას წყალში ხსნადს ხდის;
· UN3439 — სავარაუდოდ, ეს არის ბრომობენზილ ციანიდი, იგივე “კამიტე”.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე აქციების დაშლისას, რომ წყლის ჭავლში, გარკვეული ნივთიერებები იყო შერეული ადასტურებდა შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.
თუმცა, ამ დრომდე არ არსებობს ინფორმაცია ამ ნივთრების შესახებ და როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს ეს, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიების დასრულების შემდეგ.
შეკითხვაზე, თუ მოხერხდა “კამიტის” გამორიცხვა, რატომ ვერ ხერხდება იმის თქმა რა ნივთრებები იყო გამოყენებული, კობახიძემ უპასუხა, რომ “ადვილია ერთის გამორიცხვა ვიდრე სრული სპექტრის დადგენა”.
პახუხს იმაზე, თუ რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე მოითხოვენ სამოქალაქოს საზოგადოების ორგანიზაციებიც.
დღევანდელ ბრიფინგზე კობახიძემ თქვა, რომ გამოძიების წარმოებასთან ერთად აპირებენ მიმართონ ბრიტანულ კომუნიციების კომისიას, ასევე საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო მართლმსაჯულებას რათა „ბი-ბი იმ“ სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია”
1 დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში, ელის ედვარდსი, აცხადებს, რომ „მოსახლეობა არასოდეს არ უნდა გახდეს ექსპერიმენტების სუბიექტი“ და საკითხი წამებისა და არასათანადო მოპყრობის მუხლით უნდა გამოიძიონ.
ამავე გამოძიებაში ჩანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ს განუცხადა, რომ ეს მიგნებები „უკიდურესად აბსურდულია“ და პოლიცია „ბრუტალური კრიმინალების“ უკანონო ქმედებებს „კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ფარგლებში“ პასუხობდა.
ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ გადაწყვიტა, BBC-ს წინააღმდეგ დაიწყოს „სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“. პარტიამ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას უწოდა „ერთ დროს ავტორიტეტული მედია, რომელიც დღეს არაფორმალური მმართველობის პროპაგანდის იარაღად არის ქცეული“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
ეს მუხლებია:
· „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და
· „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“.
„გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია“, – აცხადებს სამსახური.
პრესცენტრის თანახმად, უწყება „შემდგარ ფაქტად“ მიიჩნევს მხოლოდ იმას, რომ:
· „ერთი მხრივ, გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ, არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს“;
· „მეორე მხრივ, პირიქით, შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ“.
ფორუმი




