სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს საია-ს თანამშრომელი, რომელიც BBC-ის კადრში რამდენიმე წამით ჩანს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) გამოკითხვაზე დაიბარეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თანამშრომელი, მარიამ ჯიქიძე, რომელიც BBC-ის კადრში რამდენიმე წამით ჩანს.
საუბარია BBC-ის გამოძიებაზე, რომლის მიხედვითაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, პროევროპული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ, შესაძლოა, ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს.
ეს საგამოძიებო მასალა BBC-იმ პირველ დეკემბერს გამოაქვეყნა. ამავე დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ გამოძიებას იწყებენ ორი მუხლით: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს BBC-ის რესპონდენტები. მათ შორის, საია-ს ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი, თამარ ონიანი. ის BBC-ის ესაუბრა ორგანიზაციის სახელით და მოუყვა ადამიანის უფლებების დარღვევის იმ ფაქტებზე, რომლებსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი პროევროპული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ.
რაც შეეხება მარიამ ჯიქიძეს, მისი ხმა BBC-ის მასალაში საერთოდ არ ისმის. ის მხოლოდ რამდენჯერმე ჩანს კადრში, თამარ ონიანის გვერდით. თუმცა, როგორც მისი უფლებადამცველი, საია-ის იურისტი, ჯუბა ქათამაძე ამბობს, გამოძიებას მასთანაც იგივე კითხვები ჰქონდა, რაც სხვებთან.
“მარიამის დაბარების სტანდარტს თუ გავითვალისწინებთ, ვინც კი გამოჩენილა [BBC-ის მასალაში], შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი დაიბარონ”, – განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.
სუს-ის განცხადებით, გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია.
ამავე თემაზე:
· “ყველაფერს აკეთებენ, რომ გადაფარონ სავარაუდო დანაშაული” – გიგაური BBC-ის ვერსიის შემდეგ დაწყებულ გამოძიებაზე
· სუს-ში კვლავ იბარებენ ადამიანებს BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების გამო