უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ომის სამშვიდობო გეგმის განხილვისას ყველაზე დიდ კამათს სამი საკითხი იწვევს.
საფრანგეთის ლიდერ, ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებები „არის პროცესი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა“.
„გულწრფელად რომ ვთქვა, ტერიტორიული საკითხი ყველაზე რთულია. აღდგენის დაფინანსების საკითხი, ჩემი აზრით, ჩვენი ევროპელი პარტნიორების ჩართულობის გარეშე, მარტივი არ არის, რადგანაც ფული ევროპაშია. არ ვთვლი, რომ ეს მთლად სამართლიანია. ასევეა უსაფრთხოების გარანტიების საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან.
ასე რომ, ვიტყოდი, რომ ეს არის სამი მთავარი თემა, ძირითადი კომპონენტი და, ამავე დროს, [კამათის] გამომწვევი მიზეზი. აქ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.“
მან ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინის მომლაპარაკებელ გუნდებს და დასძინა, რომ „გეგმა უკეთესად გამოიყურება“.




