კრემლის საიტზე 1 დეკემბერს ღამით გამოქვეყნდა ცნობა, რომლის თანახმად, 30 ნოემბერს საღამოს რუსეთის პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი ვლადიმირ პუტინი იმყოფებოდა გაერთიანებული საჯარისო დაჯგუფების მართვის ერთ-ერთ პუნქტში, სადაც მას გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა მოახსენა, რომ „გაათავისუფლეს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ქალაქი კრასნოარმეისკი და ხარკოვის ოლქის ქალაქი ვოლჩანსკი“.
რუსეთი კრასნოარმეისკს უწოდებს უკრაინაში ნაწილობრივ ოკუპირებული დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკს.
კრემლის ცნობითვე, საჯარისო დაჯგუფების, „ცენტრის“ სარდალმა ვალერი სოლოდჩუკმა პუტინს მოახსენა, რომ აკონტროლებენ ქალაქ დიმიტროვის სამხრეთ ნაწილსაც. რუსეთი დიმიტროვს უწოდებს უკრაინის ქალაქ მირნოგრადს, რომელიც დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონში მდებარეობს.
საჯარისო დაჯგუფების „ვოსტოკის“ სარდალმა ანდრეი ივანაევმა პუტინს უპატაკა, რომ დაწყებულია ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ გულაიპოლეს „გათავისუფლების ოპერაცია“ და მე-5 არმიის ქვედანაყოფები ქუჩის ბრძოლებს აწარმოებენ ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ 1 დეკემბერს საღამოს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, პოკროვსკის მიმართულებით და ვოლჩანსკთან ბრძოლები გრძელდება. უკრაინის გენშტაბს არაფერი უთქვამს თავდაცვის ძალების უკან დახევის შესახებ.
1 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან პარიზში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთს აქვს წინსვლა და რამდენიმე შეტევითი ოპერაცია, მაგრამ არცერთი წარმატებული არ ყოფილა. ზელენსკის თქმით, პოკროვსკში და სხვა მიმართულებებით რთული ბრძოლებია.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან არსებული დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრიი კოვალენკომ გასულ ღამით ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ვოვჩანსკის(ვოლჩანსკი) ნაწილი თავდაცვის ძალების კონტროლქვეშაა. კოვალენკოს განცხადებით, მომდევნო კვირების განმავლობაში რუსებს ექნებათ ფრონტზე ზეწოლის ბევრი მცდელობა და ამას დაურთავენ „ხმამაღალ განცხადებებს“, რაც კეთდება „მხოლოდ დასავლეთის აუდიტორიისთვის და დიპლომატიური ფსონების გასაზრდელად”.
უკრაინული და ფინური OSINT-პროექტების, DeepState-ის და Black Bird Group-ის რუკების თანახმად, 1 დეკემბრის მდგომარეობით რუსულ არმიას პოკროვსკი და ვოლჩანსკი სრულად არ დაუპყრია.
ამჟამად აშშ უკრაინასთან და რუსეთთან განიხილავს სამშვიდობო გეგმის პირობებს.
შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის ნოემბერში შეთავაზებული თავდაპირველი გეგმა, რომელმაც მედიაში გაჟონა, დიდწილად ასახავდა რუსეთის მოთხოვნებს, მათ შორის უკრაინის ტერიტორიების ანექსიის აღიარებას, უკრაინის არმიის რიცხოვნობის შემცირებას და უკრაინის უარს, გახდეს ნატოს წევრი.
გეგმაში ცვლილებები შევიდა 23 ნოემბერს ჟენევაში აშშ-უკრაინის მოლაპარაკების შედეგად. მოლაპარაკება 30 ნოემბერს ფლორიდაში გაგრძელდა. მხარეები განახლებული გეგმის დეტალებზე ოფიციალურად არ საუბრობენ.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შესახვედრად 1 დეკემბერს მოსკოვში გაემგზავრა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი.
ფორუმი




