ვინც ერთიანობის დეკლარაციას ხელს არ მოაწერს, დე-ფაქტოდ პარტიის მიღმა დააყენებს საკუთარ თავს და სხვა პოლიტიკური გზა ექნება – კონკრეტული პირების გარიცხვა არ განიხილება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ განიხილება პარტიიდან ნიკა მელიას გარიცხვა.
როგორც მან აღნიშნა, კონკრეტული ადამიანები საკუთარი ქმედებებით ყოველდღიურად შორდებიან პარტიის ღირებულებებს.
„მიხეილ სააკაშვილის ინიცირებით მოხდება პარტიის ერთიანობის დეკლარაციის მიღება. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია პარტიული ერთობა, „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება და მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრობა, ხელს მოაწერს ამ დეკლარაციას. ვინც არ მოაწერს ხელს, ბუნებრივია, ის დე-ფაქტოდ პარტიის მიღმა დააყენებს საკუთარ თავს და დამოუკიდებელი, სხვა პოლიტიკური გზა ექნებათ. კონკრეტული პირების გარიცხვის საკითხი არ იხილება. ეს ადამიანები მოქმედებენ ყოველდღიურად ისე, რომ დღითი დღე შორდებიან „ნაციონალური მოძრაობის” ღირებულებებს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.