Bloomberg-ის ინფორმაციით, 14 ოქტომბერს ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფსა და პუტინის საგარეო პოლიტიკის მრჩეველ იური უშაკოვს შორის 5-წუთიანი სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის ძირითადი მიზანი რუსეთის „სამშვიდობო შეთავაზებების“ ისეთი ფორმით შეფუთვა იყო, რომ ტრამპისთვის ისინი უფრო მისაღებად წარმოჩენილიყო.
საუბრიდან ირკვევა, რომ უიტკოფი არა მხოლოდ იღებდა ინფორმაციას, არამედ უშუალოდ აძლევდა რეკომენდაციებს, როგორ ეწარმოებინა რუსეთს კომუნიკაცია მომავალ პრეზიდენტთან.
საუბრისას უიტკოფმა ჩამოთვალა რამდენიმე გზავნილი, რომლებიც მისი თქმით, პუტინს ტრამპთან საუბრისას უნდა გამოეყენებინა. მათ შორის იყო განცხადება, რომ ის „ღრმად სცემს პატივს პუტინს“, ასევე რჩევა, რომ პუტინს ტრამპისთვის დაერეკა ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტამდე, რათა რუსეთს უკეთესად წარედგინა საკუთარი პოზიცია. უიტკოფის თქმით, ტრამპისთვის სასურველი იქნებოდა, პუტინს მიელოცა მისთვის ღაზაზე მიღწეული შეთანხმება და ეთქვა, რომ რუსეთი მხარს უჭერს მას როგორც „მშვიდობისმოყვარე ადამიანს“. სწორედ ამ რეკომენდაციების შემდეგ, პუტინმა ტრამპს 16 ოქტომბერს მართლაც დარეკა, რის შემდეგაც ტრამპმა მზადყოფნა გამოთქვა მასთან ბუდაპეშტში შეხვედრისთვის.
Bloomberg-ის ცნობით, საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხებოდა მოსალოდნელ „სამშვიდობო გეგმასაც“. უიტკოფმა უშაკოვს უთხრა, რომ შესაძლოა განხილულიყო დონეცკის სტატუსი და გარკვეული ტერიტორიული გაცვლები, ხოლო შეთანხმების პროცესში ტრამპი მას „დიდ თავისუფლებლას და უფლებამოსილებასს“ მისცემდა. სწორედ მსგავსი ფორმულირებები მოგვიანებით მოხვდა აშშ-ის მიერ წარმოდგენილ 28-პუნქტიან „მსამშვიდობო გეგმაში“, რის გამოც გამოცემა ვარაუდობს, რომ დოკუმენტის შედგენის პროცესი ნაწილობრივ ამ კონსულტაციებს ეყრდნობოდა.
მეორე ჩანაწერი, რომელიც 29 ოქტომბრით თარიღდება, ეხება უშაკოვისა და პუტინის ეკონომიკური მრჩევლის, კირილ დმიტრიევის საუბარს. მათ შორის დიალოგში ნათლად ჩანს, რომ რუსეთი ამზადებდა „სამშვიდობო გეგმის“ საკუთარი ვერსიას, რომელიც შემდგომში უიტკოფისთვის უნდა გადაეცათ. დმიტრიევი აღნიშნავდა, რომ დოკუმენტი ისე იქნებოდა შედგენილი, თითქოს ეს რუსეთის ოფიციალური პოზიცია იყო, თუმცა რეალურად არაოფიციალური კომუნიკაციისთვის იყო განკუთვნილი. დმიტრიევის თქმით, ამერიკული მხარე სრულად რუსულ ვერსიას, სავარაუდოდ, არ აიღებდა, მაგრამ საბოლოო ვარიანტი მაქსიმალურად მიახლოებული იქნებოდა მასთან. უშაკოვს კი შიში ჰქონდა, რომ ამერიკელებს შეიძლება საბოლოოდ ეთქვათ, თითქოს ყველაფერი რუსეთთან იყო შეთანხმებული, რასაც დმიტრიევი დამატებითი სიფრთხილითა და „აკურატული“ გადაცემის დაპირებით პასუხობდა.
Bloomberg-ის შეფასებით, ორივე სატელეფონო ჩანაწერი აჩვენებს, რომ ტრამპის წარმომადგენელი აქტიურად მონაწილეობდა რუსეთთან კომუნიკაციის ფორმირებაში და ეხმარებოდა მას, როგორ წარედგინა საკუთარი პოზიცია ტრამპისთვის ისე, რომ ის წარმოჩენილიყო როგორც ამერიკულ ინიციატივა. ამავდროულად, რუსეთი ცდილობდა, საკუთარი ინტერესების ჩარჩოში მოქცეული გეგმა ტრამპის ადმინისტრაციის სახელით გაეტარებინა. საბოლოოდ, როგორც გამოცემა წერს, ორივე მხარის მიზანი ერთი და იგივე იყო: რომ „სამშვიდობო გეგმა“ ტრამპის ინიციატივად გამოჩენილიყო, მიუხედავად იმისა, რომ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მოსკოვური გავლენით იყო შედგენილი.




