მედია: რა ქონებას ფლობს მოხელე, რომელიც თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგზეა პასუხისმგებელი

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის ანაზღაურებამ 2022 წელს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე 37 632 ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ მის მიერ 2023 წლის 26 აპრილს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2022 წლის 30 ნოემბერს შეიქმნა დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ამოცანაა, ხელი შეუწყოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ბიურო, ასევე, უზრუნველყოფს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებას, მონიტორინგსა და საჯაროობას.

რაც შეეხება ბიუროს ხელმძღვანელს და მის ფინანსურ მდგომარეობას, როგორც რაჟდენ კუპრაშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, მის საკუთრებაშია ბინა და ავტოფარეხი თბილისში, რომელიც 2017 წელს აქვს შეძენილი, ასევე იმავე მისამართზე მდებარე ავტოფარეხი, რომელიც 2022 წელს აქვს ნაყიდი, ამასთან, კუპრაშვილი ფლობს ქუთაისში საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს, რომელიც ჩუქებით აქვს მიღებული 2021 წელს.

გარდა ამისა, მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი BMW X5, რომელიც 2017 წელს აქვს შეძენილი.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 2 626 ლარი ჰქონდა, მის სახელზე ფიქსირდება ასევე 30 010 ლარის სამომხმარებლო სესხი, რომლის შედეგადაც 2022 წლის გასავალმა 11 067 ლარი შეადგინა.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, მასვე საანგარიშო 2022 წელს ძმისგან საჩუქრის სახით მიღებული აქვს 5 ათასი ლარი და 1 500 დოლარი. მასვე ბიძაშვილისგან ოჯახის წევრისთვის გადასაცემად ჩაერიცხა 8 640 ლარი, ხოლო სარემონტო სამუშაოების გამო 2022 წელს 5 047 ლარის გასავალი ჰქონდა.

წყარო