ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ქეთევან დარახველიძე NAFSA-ს დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ქეთევან დარახველიძე საერთაშორისო განათლების უმსხვილესი ასოციაციის, NAFSA – Association of International Educators-ის, 3 წლით დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათი ცნობით, NAFSA, -ის უმსხვილესი და ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე საერთაშორისო განათლების ასოციაცია, 10 000-ზე მეტ წევრს აერთიანებს და მსოფლიოს ყველა კონტინენტის 150 ქვეყნის 3 500-ზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ემსახურება.
„NAFSA საერთაშორისო განათლების განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს და ხელს ისეთი სამყაროს ფორმირებას უწყობს, სადაც განათლება მშვიდობისა და პროგრესის საერთო საფუძველია.
ქეთევან დარახველიძე პირველი ქართველია, რომელიც NAFSA-ს საბჭოს წევრად აირჩიეს მრავალთვიანი, მკაცრი კონკურსის შედეგად. კონკურსი მოიცავდა დარგის წარმომადგენლის ნომინირებას, საბჭოს წევრთა წარდგინებას, დამტკიცებასა და საბოლოოდ, ღია თ ხმის მიცემის პროცესს. საბჭოში მისი როლი გულისხმობს ორგანიზაციის სტრატეგიისა და მართვის საკითხებში აქტიურ მონაწილეობას.
დღეს, როდესაც საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა რთული გამოწვევების წინაშე დგას, მათ შორის საერთაშორისო სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტების შეზღუდვისა და აკადემიური სივრცის იზოლაციის რისკის ფონზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ რჩება ღიაობის, თავისუფალი აზრისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სიმბოლოდ. ილიაუნიმ სწორედ ამ ღირებულებათა დაცვისა და განვითარებისთვის არაერთი აღიარება მოიპოვა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სწორედ ახლა, როცა საქართველოში უნივერსიტეტის იდეალი – მისი არსი, ინსტიტუციური ავტონომია და აკადემიური თავისუფლება – ისტორიულ გამოცდას გადის.
ქეთევან დარახველიძის არჩევა NAFSA-ს მმართველ საბჭოში არის როგორც ინდივიდუალური წარმატება, ისე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ხედვის საერთაშორისო აღიარება. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ქართულმა აკადემიურმა სივრცემ ძალიან მოკლე დროში შეძლო გამხდარიყო გლობალური დიალოგის მონაწილე და ლიდერი.
NAFSA-ს საბჭოში მისი წევრობა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არა მხოლოდ სწავლებისა და კვლევის ეროვნული ტრადიციის, არამედ საერთაშორისო საგანმანათლებლო დიპლომატიის გამტარებელია – ადგილი, სადაც ცოდნის გადაცემა, ახალი ცოდნის შექმნა და თავისუფალი აზრი ერთიანდება.
ქეთევან დარახველიძე 15 წელზე მეტია, მონაწილეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების პროცესში. მისი მხარდაჭერითა და აკადემიური საზოგადოების საერთო ძალისხმევით უნივერსიტეტმა განიმტკიცა პოზიცია, როგორც რეგიონში ერთ-ერთმა ყველაზე ღია და საერთაშორისო პარტნიორობაზე ორიენტირებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ. მისი ინიციატივებითა და საერთაშორისო პროექტებით უნივერსიტეტი დღეს გლობალური პარტნიორობის ქსელის სრულფასოვანი მონაწილეა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.