სადავო პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი მორიგ ჯერზე აკრიტიკებს საქართველოში გერმანიის ელჩს პეტერ ფიშერს. დღეს 14 ნოემბერს, პარლამენტში გამართულ ბრიფინზე მედიის შესაბამისი შეკითხვის პასუხად, მან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან განმარტება მოითხოვა, სოციალურ ქსელში მხატვარ მამუკა ცუცქირიძის მიერ გამოქვეყნებული ფოტოს გამო.
პეტერ ფიშერთან ერთად გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებასთან ერთად მამუკა ცუცქირიძემ დაწერა, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მათთან “მოულოდნელად მოვიდა გერმანიის ელჩი – ბატონი პიტერ ფიშერი და ამით კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა სოლიდარობა!”.
რუსთაველის გამზირზე, თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, სადაც ხელხალ საპარლამენტო არჩევნებს და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი, რომელიც ოქტომბერში საქართველოში ვიზიტისას აქციაზე იმყოფებოდა დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის, და „ჩარევაში“ დაადანაშაულეს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ელჩის ეს მოქმედება “აბსოლუტურად აღმაშფოთებელია” და ამით ის “მასხრად იგდებს ქართულ სახელმწიფოს, მასხრად იდგებს ქართულ საზოგადოებას, ყველაფერს, რაც კი დიპლომატიასთან არის დაკავშირებული.”
“გასაკვირია რაც ვნახეთ – ისე, რომ მას არ დაუგმია პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბრის შტურმი, გუშინ მივიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, რომლებიც 4 ოქტომბრის შტურმის მონაწილეები იყვნენ; მეორე – ის ვისთანაც პოზირებდა, (ადამიანი ვინც ფოტო დადო, შემთხვევით გავიგეთ, აქციის მონაწილე ერთ-ერთი ექსტრემისტის ფოტო). ლანძღავს ქართულ ეკლესიას, საქართველოს პატრიარქს და ერთ-ერთ მოსაყდრეს ეგზარქოსებად მოიხსენიებს. ამ ადამიანებთან დადგა გერმანიის ელჩი, გადაიღო ფოტო და სოლიდარობა გამოუცხადა”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა
მისი სიტყვებით „გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა ჩამოყალიბდეს, ბოლოს და ბოლოს რა უნდათ მათ“. მასთან ის აქციის მონაწილეებს ექსტრემისტებად მოიხსენიებს.
გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საქართველოში, ის ქვეყნის საგარეო უწყებას კონსულტაციისთვის ჰყავდა გაწვეული.
„ამ კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ გვქონდა იმედი, რომ გერმანიის ელჩი გააცნობიერებდა ვენის კონვენციის მნიშვნელობას, კიდევ ერთხელ გადაიკითხავდა შესაბამის მუხლებს და ბოლო-ბოლო ამ ყველაფრის შემდეგ თავს მაინც შეიკავებდა… ასე რომ, ჩამოყალიბდეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – რა სურს მას? სურს ქართველ ხალხთან ხიდების გადება თუ ამ ხიდების დაწვა საბოლოოდ, რადგან ამ ელჩის პირობებში, რომელიც ქართულ სახელმწიფოს მასხრად იგდებს, მხარს უჭერს ექსტრემისტებს, სოლიდარობას უცხადებს ქართული ეკლესიის, პატრიარქის მლანძღველ ადამიანს, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ ეს ხიდები აგებული იქნება გერმანიის მხრიდან“, – თქვა პაპუაშვილმა და განმარტა, რომ ელჩის დაბრუნებამდე ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს ჰქონდათ კონსულტაცია და გერმანიის საგარეო საქართველოს „დაჰპირდა, რომ გერმანიის ელჩი თავს შეიკავებდა იმგვარი ქმედებებისგან, რომელსაც მანამდე ჰქონდა ადგილი.“
“საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გააკეთოს განმარტება – ეს არის მისი დავალება, რომ გერმანიის ელჩმა სოლიდარობა გამოუცხადოს საქართველოს ეკლესიის მლანძღველებს, მხარდაჭერა ექსტრემიზმებს თუ ეს კვლავ მისი თვითშემოქმედებაა?“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
რადიო თავისუფლება, შალვა პაპუაშვილის კრიტიკული განცხადებების კომენტირებისთვის, საქართველოში გერმანიის საელჩოს დაუკავშირდა. პასუხი, მისი მიღების შემთხვევაში აისახება მასალაში.
ელჩი პეტერ ფიშერი „ქართული ოცნების“ თავდასხმების სამიზნე არაერთხელ გახდა. მას ძირითადად რადიკალიზმის ხელშეწყობაში, ოპოზიციის მფარველობასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდნენ. „ოცნებაში“ ბოლო დროს ხშირად აცხადებდნენ, რომ გერმანიის ელჩი „ვენის კონვენციის“ მოთხოვნებს უგულებელყოფდა.
პეტერ ფიშერი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას დემოკრატიის უკუსვლისთვის აკრიტიკებდა და წუხილს ღიად გამოხატავდა იმის გამო, რომ საქართველო კარგავს დროსა და ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიულ შანსს.
· 2024 წლის 31 დეკემბერს და 2025 წლის 24 მარტს გერმანიამ, სხვა დასავლური ქვეყნების მსგავსად, სავიზო შეზღუდვები დაუწესა „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებს.
· გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ საწყის ეტაპზევე მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებისთვის 237 მილიონი ევროს დაფინანსების შეჩერების შესახებ; თუმცა გაგრძელდა პროექტები, რომლითაც, როგორც ბერლინი აცხადებს – საქართველოს ხალხს ეხმარება.
· გერმანიამ აღარ განაახლა მთელი რიგი პროგრამები.




