შალვა პაპუაშვილი – სტრუქტურები, რომლებიც ჩართული არიან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, არავის ხელს არ აფარებს, არ არსებობს ავტორიტეტი, რომელსაც ისინი მოერიდებიან – კორუფციის ყველა ხვრელი უნდა ჩაიკეტოს

როდესაც ირაკლი ავირჩიეთ პრემიერ-მინისტრად, ზუსტად მაშინ ითქვა, რა იქნებოდა მთავრობის ძირითადი მიმართულებები და სტრატეგია, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა – ყველა ის სტრუქტურა, რომელიც ჩართულია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხელს არავის აფარებს, არ არსებობს ავტორიტეტი, რომელსაც ისინი მოერიდებიან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის ლევან გამრეკელისა და მასთან კავშირში მყოფი ორი პირის დაკავებას.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დანაშაულის ჩადენა გამოვლინდება, ამ მხრივ კი, სამართალდამცავი უწყებები ეფექტიანები არიან.
„როდესაც ავირჩიეთ პრემიერ-მინისტრად, ზუსტად მაშინ ითქვა, რა იქნებოდა მთავრობის ძირითადი მიმართულებები და სტრატეგია. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. დღეს, საქართველო რეგიონში არის ლიდერი კორუფციის სიმცირის გამო, თუმცა ჩვენი მიზანი არის, რომ ჩვენ ვიყოთ საუკეთესო სამეულში კორუფციის სიმცირის გამო. ამიტომ, კორუფციის ყველა ხვრელი უნდა ჩაიკეტოს. ყველა, ვისაც კორუფციაზე ხელი წაუცდება, უნდა გამოვლინდეს. იმედი მაქვს, ამაში მაინც დამეთანხმებით, რომ სუს-ი, , პროკურატურა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება – ყველა ის სტრუქტურა, რომელიც ჩართულია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, არავის ხელს არ აფარებს. არ არსებობს ავტორიტეტი, რომელსაც ისინი მოერიდებიან.
ვინც ჩაიდენს დანაშაულს, დანაშაული იქნება გამოვლენილი. ეს არის ზუსტად ის, რა პოლიტიკასაც ვახორციელებთ. კონცენტრირებულად ამ საკითხებზე, ნარკოდანაშაულზე, მათ შორის ბანდიტიზმზე – დღესაც აღმოაჩინეს თითქმის 10 წლის წინანდელი სამალავი, სადაც შეიარაღება იყო შენახული. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავი უწყებები ამ მხრივ ძალიან ეფექტიანები არიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლა შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ქურდობა) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.