შალვა პაპუაშვილი – წარმოდგენილი ბიუჯეტი აჩვენებს, თუ რამდენად სწორი არის საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, არ აჰყვეს გარედან მოწოდებებს და არ დააზიანოს საკუთარი მოსახლეობა

წარმოდგენილი ბიუჯეტი აჩვენებს, თუ რამდენად სწორი არის საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, არ აჰყვეს გარედან მოწოდებებს და არ დააზიანოს საკუთარი მოსახლეობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, დღესაც არის მცდელობა, რომ საქართველო შეიყვანონ ესკალაციაში არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ სხვადასხვა სუბიექტებთან და ამით ეკონომიკა დააზიანონ.
„სინამდვილეში, ეს მცდელობებია დღესაც, რომ საკუთარ დღის წესრიგზე გადაიყვანონ საქართველო, შეიყვანონ კონფრონტაციაში, ესკალაციაში არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ სხვადასხვა სუბიექტებთან და ამით ეკონომიკა დააზიანონ. ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არ მიჰყვება ამ მტერ-მოყვარეების რჩევებს და ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესს მოჰყვება, სწორედ ამის შედეგია გაზრდილი ბიუჯეტი. ამის შედეგია, რომ შესაძლებლობა ექნება საქართველოს ხელისუფლებას, 2026 წელს იყოს უფრო ძლიერი და მეტი პროექტი განხორციელდეს როგორც ინფრასტრუქტურული, ისე განათლების, სოციალური მიმართულებით.
ყველა მიმართულებით უფრო ძლიერი ბიუჯეტი გვექნება. რაც მთავარია, ეს ბიუჯეტი ასახავს ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ ნახტომისებური ზრდა გვაქვს, თუკი შევადარებთ მთლიანად კონტინენტზე არსებულ ზრდის ტემპებს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.