თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეხმაურება.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ ჩვენი ერთ-ერთი C-130 სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში მიფრინავდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდა… ჩვენი სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება [საქართველოს] ეროვნულ ხელისუფლებასთან კოორდინაციით“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქული მხარის განცხადებით, ამ დროისთვის არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა თვითმფრინავში ან რამდენი ადამიანია დაშავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქული სატვირთო ბორტი ჩამოვარდა.
საქაერონავიგაციის ცნობით, საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსვლიდან წუთებში თვითმფრინავი განგაშის სიგნალის გამოცემის გარეშე გაქრა.
თურქეთის C130 ტიპის საჰაერო ხომალდი საქაერონავიგაციის რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც საქაერონავიგაციამ დადგენილი ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო. ამჟამად უკვე ინფორმირებულია აზერბაიჯანის ქალაქ განჯის აეროპორტი, საიდანაც თურქეთის ბორტი აფრინდა, ასევე ინფორმაცია მიეწოდა თურქეთის მხარეს.
ამჟამად საქართველოს შესაბამის უწყებებთან ერთად, საავიაციო წესებით გათვალისწინებული საძიებო სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს“, — ნათქვამია საქაერონავიგაციის განცხადებაში.



