ვახტანგ ძაბირაძე – არსებული ვითარება ოპოზიციისგან სასწრაფოდ გადაჯგუფებას მოითხოვს – თუ მაქსიმუმ, თებერვალში, ეს სპექტრი არ ჩამოყალიბდა და ისე დარჩა, როგორც დღეს არის, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა რეალურად უნდა შეაფასონ IRI-ის კვლევის შედეგები და იგრძნონ, რომ არსებული ვითარება მათი მხრიდან სასწრაფოდ გადაჯგუფებას მოითხოვს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ იანვრის ბოლომდე, მაქსიმუმ, თებერვალში ეს სპექტრი არ ჩამოყალიბდა და ისე დარჩა, როგორც დღეს არის, მათ მიერ ს მოგება გამორიცხულია.
ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ამბიციები ცოტა უკან უნდა დაწიონ და საერთო წარმატებაზე იფიქრონ.
„ჩემი შეფასებით, ეს კვლევა ყველაზე ახლოს არის არსებულ მდგომარეობასთან. კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას,” ხოლო 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერდა მხარს. თუ ეს მონაცემები ასე დარჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში 2/3 ექნება „ქართულ ოცნებას“ და 1/3 „ნაციონალურ მოძრაობას“. სწორედ ორი პარტიით დაკომპლექტდება პარლამენტი. ამიტომ, ეს უნდა გაითვალისწინონ პარტიებმა და სწორად შეაფასონ ამ კვლევის შედეგები. არსებული ვითარება ოპოზიციის მხრიდან სასწრაფოდ გადაჯგუფებას მოითხოვს. თუ იანვრის ბოლომდე, მაქსიმუმ, თებერვალში ეს სპექტრი არ ჩამოყალიბდა და ისე დარჩა, როგორც დღეს არის, მაშინ საუბარი იმაზე, 5%-იანი ბარიერი გადავლახეთ, არჩევნები მოვიგეთ და ა.შ. გამორიცხულია. ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება. ამაზე უნდა იფიქრონ წვრილმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა. მათ ამბიციები ცოტა უკან უნდა დაწიონ და საერთო წარმატებაზე იფიქრონ და არა იმაზე, რომ თავად გადალახონ 5%-იანი ბარიერი და მშვიდად იყვნენ“,-განაცხადა ძაბირაძემ.
მისი განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაც არ უნდა გააკეთოს, 5%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა არასდროს ექნებათ, რადგან თავისი მყარი ელექტორატი ჰყავთ.
„არის კიდევ ასეთივე თანაზომადი ჯგუფი, რომელსაც არც ერთი უნდა და არც მეორე. ის, რომ 40% არასდროს მისცემდა ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო თითქმის 30% „ქართულ ოცნებას“, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს კიდევ 30%, რომელიც არჩევანს ეძებს. ეს 30% უნდა აითვისონ წვრილმა პოლიტიკურმა ძალებმა. თუ ფრაგმენტირებულები დარჩნენ, ეს 30% იმ 2 პარტიაზე იმ პროპორციით გადანაწილდება, რა პროპორციაც დღეს არის, ანუ, ფაქტობრივად 2-ჯერ მეტს აიღებს „ქართული ოცნება“, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ, უნდა მოხდეს დაჯგუფება. ამ დაჯგუფებაში ვგულისხმობ ამომრჩევლის 30%-ს, რომელსაც არც „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა და არც „ქართული ოცნება“. არსებობს თეორიული შანსი, რომ შეიქმნას ძლიერი ცენტრისტული პარტია. იმ პარტიებს, რომლებსაც შანსი არ აქვთ 5%-იანი ბარიერი გადალახონ, თუ პატრიოტები არიან და რეალურად, ცვლილება უნდათ ქვეყანაში, საერთოდ არ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა“,-განაცხადა ძაბირაძემ.
ცნობისთვის, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას,” ხოლო 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერდა მხარს.
გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას” პირველ არჩევნად ასახელებს (3% მეორე არჩევნად), 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” (3% მეორე არჩევნად).

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს