TI: მთავრობამ ვანო ჩხარტიშვილის ოფშორულ კომპანიას პირობები შეუცვალა, დეტალებს არ ასაჯაროებს

ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, 4 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ს ბიზნეს პარტნიორის, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანიისთვის გადაცემული ქონების პრივატიზაციის პირობებში.
თუმცა, TI-ის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაცია არ ასაჯაროებს, კონკრეტულად რა შეიცვალა. ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობის ადმინისტრაციას, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე და საზოგადოებისთვის საჯარო გახადოს ეს დოკუმენტები.
“2014 წელს სახელმწიფომ „სომგოს კომპანიას“ სიღნაღში 35,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა, სასტუმროს აშენების, ვენახის გაშენებისა და ადგილობრივების დასაქმების პირობით. საინვესტიციო ვალდებულება თავდაპირველ დათქმულ 3 წლის ვადაში არ შესრულდა, რის შემდეგაც ვადა 2-ჯერ გახანგრძლივდა, 2016 და 2018 წლებში. 2023 წლის 4 დეკემბრის განკარგულებაც, სავარაუდოდ, პროექტის საინვესტიციო ვადის მორიგ ჯერზე გახანგრძლივებას ეხება.
პრივატიზაციის საინვესტიციო პირობების შეცვლა ხშირი პრაქტიკაა და ეს თავისთავად არ არის პრობლემა. კითხვები ჩნდება მაშინ, როდესაც მთავრობა პირობებს უცვლის მმართველ პარტიასთან დაახლოებულ პირს და ამის შესახებ ინფორმაციას მალავს”, – აღნიშნულია TI-ის ინფორმაციაში.
ორგანიზაცია პრივატიზაციის ოფშორთან კავშირებზეც წერს და აღნიშნავს, რომ ვანო ჩხარტიშვილის შემთხვევა კარგი ილუსტრაციაა, რომ ოფშორული კომპანიის მესაკუთრე შეიძლება მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირი იყოს.
“2007 წლის 9 აგვისტოს დაარსებული შპს „სომგოს კომპანიას“ მესაკუთრე სეიშელის კუნძულებზე დარეგისტრირებული ოფშორული კომპანია „სონატა ალიანს ინკია“, რომლის 100%-ის მფლობელი და დირექტორი 2014 წლიდან ვანო ჩხარტიშვილის შვილი ნათია ჩხარტიშვილია. შპს „სომგოს კომპანიის“ დირექტორი ლევან სკამკოჩაიშვილია, რომელიც ამავდროულად ვანო ჩხარტიშვილის კომპანია „თბილისის თამბაქოს“ დირექტორის თანამდებობას იკავებს. შპს „სომგოს კომპანია“, რომლის ეკონომიკურ საქმიანობადაც „ჰოლდინგური კომპანიების საქმიანობები“ არის მითითებული, საქსტატის მონაცემებით არააქტიურია.