საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში EU-ს პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი ადასტურებს, რომ სანქციების შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო'სალივანისგან წერილი მიიღო.
“ვადასტურებთ რომ წერილი გაეგზავნა საქართველოს ხელისუფლებას, ეს ეხება საქართველოსთვის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს სანქციების გვერდის ავლის შეჩერებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვმუშაობთ ყველა ქვეყანასთან ამ კუთხით. ეს არის ჩვენი გლობალური მასშტაბის აქტივობების ნაწილი. ჩვენ ჯერ კიდევ ველით პასუხს საქართველოს ხელისუფლებისგან და მოვუწოდებთ მეტი ნაბიჯებისკენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთმა გვერდი არ აუაროს ჩვენს სანქციებს. სანქციები მუშაობს და სწორედ რუსეთი სასოწარკვეთილად ცდილობს მათ გვერდი აუაროს”, – განაცხადა ჰიპერმა.
“ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დღეს განაცხადა, რომ მიიღო მადლობის წერილი ევროკავშირის მხრიდან, თუ რამდენად კარგად ასრულებს საქართველო თანამშრომლობით აღებულ ვალდებულებებს და რამდენად კეთილსინდისიერად ახორციელებს ყველა საქმიანობას, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად.




