აზერბაიჯანში დეპუტატის ყოფილი ცოლი იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე საუბრობს

გამოცემა Meydan.tv-ს ცნობით, აზერბაიჯანში მილი მეჯლისის დეპუტატ ელმან ნასიროვის ყოფილი ცოლი, სევინჯ აჰმედოვა, ამტკიცებს, რომ დეპუტატის შესახებ კრიტიკული განცხადებების გამო მას იძულებით მოათავსეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აჰმედოვა ამბობს, რომ წლების განმავლობაში ოჯახში კონფლიქტების და ყოფილი ქმრის წინააღმდეგ საუბრის შემდეგ, მისი დუმილის უზრუნველსაყოფად ძალოვანი უწყებების თანამშრომლები ღამით მის სახლს თავს დაესხნენ.
„ახლა როცა ვსაუბრობ, მოვიდნენ ღამით, კარი გამიტეხეს და ფსიქიატრიულში მივყავარ“, – ამბობს აჰმედოვა ვიდეოში.
მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოში არ არის დაკონკრეტებული, ვინ განახორციელა მისი იძულებითი ჰოსპიტალიზაცია, აჰმედოვას მონათხრობიდან ჩანს, რომ ამას ყოფილი ქმრის, დეპუტატ ელმან ნასიროვის გავლენას უკავშირებს.
მოგვიანებით აჰმედოვას განცხადებები გაავრცელა მისმა ქალიშვილმა, ლალეზარ ალიევამ, რომელიც ამტკიცებს, რომ დეპუტატი არც მას და არც შვილიშვილებს ფინანსურ დახმარებას არ უწევს. ნასიროვმა ორივე ბრალდება საჯაროდ უარყო.
უფლებადამცველების შეფასებით, საქმე შეიძლება იყოს ფსიქიატრიული სისტემის ბოროტად გამოყენების მაგალითი, რაც ბოლო წლებში არაერთხელ დაფიქსირდა აზერბაიჯანში.
ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს იურისტი სამად რაჰიმლი აცხადებს, რომ ქვეყანაში ფსიქიატრიული დაწესებულებები ხშირად გამოიყენება ადამიანების დათრგუნვისა და გაჩუმების იარაღად:
„ადამიანებს აიძულებენ ხელი მოაწერონ დოკუმენტს, თითქოს ფსიქიატრიულში საკუთარი სურვილით შედიან, ამით ფარავენ იძულებით ჰოსპიტალიზაციას“, – ამბობს იურისტი.
მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით ეხება ქალებს, რომლებიც საზოგადოებრივი ან პოლიტიკური თემებით საჯაროდ საუბრობენ, ან არ ემორჩილებიან ტრადიციულ ნორმებს.
აზერბაიჯანის სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს, შეისწავლოს სევინჯ აჰმედოვას განცხადება და უზრუნველყოს, რომ ფსიქიატრიული დაწესებულებები აღარ იქცეს ადამიანების პოლიტიკური ან ოჯახური ანგარიშსწორების იარაღად.