გადადგეს ეს ბანდიტების მთავრობა! გათავისუფლდნენ უდანაშაულო ადამიანები! ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები! ჩვენ ყველამ ერთისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ და ერთმაც უნდა იბრძოლოს ყველასათვის, – ასე მიმართა „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს.
„ჩვენ გვჭირდება, რომ საქართველოს მოქალაქეების კიდევ უფრო დიდმა რაოდენობამ გადაწყვიტოს, რომ ჩვენ აღარ და ვეღარ ვიცხოვრებთ ძველებურად მანამ, სანამ არ აღვადგენთ დემოკრატიას ამ ქვეყანაში, არ გავათავისუფლებთ უდანაშაულოდ დაპატიმრებულ ადამიანებს და არ ჩავატარებთ ნამდვილად თავისუფალ არჩევნებს. ამისთვის მინდა შემოგთავაზოთ, რომ თითოეულმა მოქალაქემ დაამკვიდროს ერთგვარი ახალი, დემოკრატიული რიტუალი, რომელსაც ჯიუტად შევასრულებთ მანამ, სანამ ჩვენი მიზნები არ იქნება მიღწეული. შემიძლია ამ რიტუალისთვის სამი რამ შემოგთავაზოთ:
1. თითოეულმა მოქალაქემ კვირაში ერთი დღე მაინც აუცილებლად გაატაროს რუსთაველზე, საპროტესტო კერაზე ან სხვა ქალაქებში; 2. მხარი დაუჭირონ და დავაფინანსოთ ის მამაცი ადვოკატები, იურისტები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებიც იცავენ მართალ ადამიანებს და მათი ბრძოლის წყალობით მართალი სიტყვა ჯერ კიდევ ისმის ქვეყანაში; 3. შევუერთდეთ და გავაძლიეროთ დემოკრატიული, პატრიოტული, სამოქალაქო და პოლიტიკური ძალები იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი დემოკრატიის ფუნდამენტი ახლავე ჩავყაროთ და ის ისეთი ძლიერი იყოს, რომ ვერცერთმა ავტოკრატმა ვეღარ შეარყიოს“, – განაცხადა ცუცქირიძემ




