დაკავებულია გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი – პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავეს.
მათივე განცხადებით, კობა ხუნდაძეს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.
პროკურატურის ცნობით, კობა ხუნდაძის სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა რაოდენობის ფულადის თანხა, მთლიანობაში 1 319 300 ამერიკული დოლარი.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის – ს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის – გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის – ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელი ბინებისა და სახლების ჩხრეკები, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.
ბოლო დღეების განმავლობაში, იმავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დამატებით ჩატარდა 11 ობიექტის ჩხრეკა. რა დროსაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან – გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის – კობა ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 დოლარი. ხოლო, ყოფილ მთავარ პროკურორთან – ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის – მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებული იქნა 2 904 900 დოლარი. აღნიშნულ საქმეზე, ჩვენს მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დაკავებული იქნა, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი – კობა ხუნდაძე“, – აცხადებს პროკურატურა.
პროკურატურის განცხადებით, კობა ხუნდაძემ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი აქტივების კანონიერი სახის მისაცემად, შეიმუშავა რამდენიმე ეტაპიანი დანაშაულებრივი სქემა, რომლის განხორციელების ფარგლებშიც, დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით, თბილისში შეიძინა მიწის ნაკვეთები და ქონების ინვესტირება მოახდინა პირადი კომპანიის და მისი მონაწილეობით დაფუძნებული ამხანაგობების საწესდებო კაპიტალში.
„აღნიშნული ქმედებებით, დაუსაბუთებელი ქონება ჩაერთო ლეგალურ ეკონომიკურ საქმიანობაში და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მრავალჯერადი ტრანზაქციებით განახორციელა დაუსაბუთებელი აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს და მასზე საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა.
შედეგად, თითქოსდა კანონიერი შემოსავლით წარმოებული საქმიანობის ფარგლებში მიღებული 30 ერთეული უძრავი ქონება აღირიცხა ბრალდებულის და მისი საწარმოს საკუთრებად, ხოლო 51 ერთეული უძრავი ქონება შეტანილი იქნა ბრალდებულის მიერ დაფუძნებული სამშენებლო კომპანიის საწესდებო კაპიტალში. გარდა ამისა, როგორც უკვე ვახსენეთ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა 1 319 300 აშშ დოლარი.
აღნიშნული ქმედებებით, 2017-2025 წლებში, ბრალდებულმა კობა ხუნდაძემ მოახდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია“, – აცხადებენ პროკურატურაში.
კობა ხუნდაძეს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
პროკურატურის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ინტენსიურად აგრძელებენ გამოძიებას, საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების, ასევე დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით.