კორუფციასთან ბრძოლა მოჩვენებითი და შერჩევითია, – ასე აფასებენ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს კორუფციის მკვლევარები.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელი ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კორუფციაში ჩართულობასთან დაკავშირებით არაერთი ანგარიში მოამზადეს, თუმცა ამას თავის დროზე, “ოცნებაში” ყურადღება არავინ მიაქცია.
ექსპერტის თქმით, “ოცნების” კორუფციასთან ბრძოლა მოჩვენებითია და რეალურად, ადგილი აქვს შიდა კლანურ დაპირისპირებას.
ჩვენი ორგანიზაცია, როგორც კორუფციასთან მებრძოლი ორგანიზაცია, მართლაც დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდა კონკრეტულად მათ შორის ღარიბაშვილის ჩართულობას კორუფციაში, თუმცა ჩვენს ანგარიშებს და ჩვენს მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს არავინ აქცევდა “ოცნებაში” ყურადღებას. ზოგადად, “ქართული ოცნებისთვის” კორუფცია პრობლემა არ არის. ღრმად კორუმპირებული ხელისუფლებაა, მისი ყველა ფრთა. ამ შემთხვევაში კორუფცია, უბრალოდ, საფარველად იქნა გამოყენებული, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ არსებობს გარკვეული შიდა კლანური დაპირისპირებები, შიდა ინტრიგები. ვნახოთ, რა მუხლები წაეყენება ღარიბაშვილს. ალბათ წაეყენება, იმიტომ, რომ გუშინდელი კადრები, ეს უზარმაზარი ქონება, მათ შორის, ფული, მათ შორის საათები, რომლის შესახებაც ყველამ ვიცოდით, როგორი მიდრეკილება ჰქონდა ღარიბაშვილს ძვირფასი საათების მიმართ, ოქროს ზოდები და ა.შ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კორუფციაზე მიუთითებს, – ამბობს ალექსანდრე ბარამიძე.
“ოცნების” მიერ კორუფციასთან წამოწყებულ ბრძოლას “ფარსს” უწოდებს კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი დავით მჟავანაძეც. მისი თქმით, ამ ლოგიკით, დასაკავებულია ივანიშილის ხელისუფლების არაერთი წევრი, მათ შორის კახა კალაძე და ირაკლი ზარქუაც.
ის, რომ გრიგოლ ლილუაშვილი მისი პროტეჟეების მეშვეობით, მაგალიტად, ვანიც მუნიციპალიტეტში მიტაცებული ჰქონდა ყველა ბუნებრივი რესურსი და იგებდა ასევე ასეულობით ლარის ტენდერებს, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა არასდროს. რეაგირება მოახდინეს მას შემდეგ, რაც მათ დაკარგეს ივანიშვილის კეთილგანყწობა და ახლა ერთი კორუმპირებული კლანის, კობახიძე-მდინარაძის ხელით აი, ამ მეორე კლანს ებრძვის და არაფერი საერთო ამას კორუფციასთან ბრძოლასთან არ აქვს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რა ბრალდებითაც დაკავებულია, მაგალითად, ჯუანშერ ბურჭულაძე, ანალოგიური ბრალით დასაკავებელია ბექა ოდიშარია, გოჩა ენუქიძე, ირაკლი ზარქუა, რომელმაც მისი ცოლის კომპანიები გადააფორმა სხვაზე. ასევე დასაკავებელია კახა კალაძე, რომელმაც ყველა ტედერში, თბილისში რაც კი პროექტები განხორციელებულა, ან თანხა ჩაურიცხა წინსწრებით მასთან დაახლოებულ კომპანიას, ან “ოცნების” შემომწირველების კომპანიას. ანუ ეს არის ფარსი, – ამბობს დავით მჟავანაძე.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული პირების სახლში ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 17 ოქტომბერს ჩხრეკა ჩატარდა 24 ბინასა და საცხოვრებელ სახლში.
სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისში, დედოფლისწყაროში, ჩოხატაურში, ვანსა და ბორჯომში.
როგორც ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ჩხრეკა ჩატარდა ასევე სანდრო ლილუაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ძმები პარკაულების, რომეო მიქაუტაძის (ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც კორუფციის გამო ივნისში დააკავეს) და მათთან დაახლოებული პირების სახლებში.
მისივე თქმით, ამოღებულია:
- 7 მლნ 2 200 აშშ დოლარი და 136 ათასი ლარი
- 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი
- ძვირადღირებული ნახატები
- დოკუმენტაცია – რამდენიმე ათას ფურცლად
- 119 ელექტრომოწყობილობა.
სუს-ი ამბობს, რომ ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ასევე 50-მდე მობილური ტელეფონი.