ვენესუელას სანაპიროსთან მცურავ ნავზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ დარტყმა განხორციელდა ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ჯგუფს გულისხმობდა.
„დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემი ნარკოტიკებით ვაჭრობდა და დაკავშირებული იყო უკანონო ნარკოტერორისტულ ქსელებთან. დარტყმის შედეგად გემზე მყოფი ექვსი ნარკოტერორისტი დაიღუპა“, – დაწერა ტრამპმა.
2 სექტემბრის შემდეგ, ტრამპმა კარიბის ზღვაში სულ მცირე ხუთ ნავზე დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა, რომლებსაც, აშშ-ის ადმინისტრაციის მტკიცებით, აშშ-ში ნარკოტიკები გადაჰქონდათ. საერთო ჯამში, დაღუპულია 27 ადამიანი.
