„სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ოფიციალური გახსნის ღონისძიებასა და მაღალი დონის დიალოგში მიიღებს მონაწილეობას“ – ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
„ნიკოლ ფაშინიანი, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, სიტყვით გამოვა ფორუმის მონაწილეთა წინაშე.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 22-23 ოქტომბერს მეხუთედ ჩატარდება და მას 2000-მდე დელეგატი დაესწრება. ფორუმი რეგიონული და გლობალური დაკავშირებადობის გასაძლიერებლად დიალოგისა და თანამშრომლობისთვის უმნიშვნელოვანეს პლატფორმას წარმოადგენს.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელები და საერთაშორისო რანგის ექსპერტები.
პირველად, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, 23 ოქტომბერს თბილისის ფინანსური სამიტი გაიმართება, რომელიც თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა. ფინანსური სამიტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი სინგაპურში დაფუძნებულ ორგანიზაციასთან – Global Finance and Technology Network (GFTN) – პარტნიორობით ჩაატარებენ.
ფორუმის ფარგლებში პანელურ სესიებზე განხილულ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა საერთაშორისო ვაჭრობა და არსებული გამოწვევები, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, შუა დერეფნის განვითარება, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია და სხვ. ცალკე პანელური სესია მიეძღვნება საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და შესაძლებლობების განხილვას.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ პირველად 2015 წელს გაიმართა და მისი მნიშვნელობისა და მასშტაბურობის გამო ორ წელიწადში ერთხელ ტარდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
